თომა სუხაშვილი - 22 წლის სტუდენტი ახალგორიდან

ავტორი: ჩემ შესახებ
რა რთულია! პირველივე რამაც გამიელვა თავში არის სიტყვები - “რა რთულია”. 
 
კითხვა პირველი - რატომ ვწერ? პასუხი: - პასუხი ჯერ არ მაქვს. მაგრამ აქამდე რატომ არ ვწერდი ეგ კი ვიცი. რთულია გადმოსცე და ღიად დააფიქსირო შენი შეხედულებები, აზრები და დამოკიდებულებები სხვადასხვა საკითხებზე. თან ისე, რომ ეს შინაგანი მონოლოგები აქციო სიტყვებად, შემდეგ უკვე მკითხველთან დიალოგებად. ამ ყველაფერს თან ახლავს ორი განცდა - წერის კომპლექსი და პასუხისმგებლობა იმისა, რომ პოსტი მკითხველისთვის იყოს საინტერესო და არა ფუჭად გადაყრილი დრო. პასუხისმგებლობა ის მოცემულობაა, რომელსაც ვერსად გაექცევი და გაიძულებს იმას რომ ტექსტი იყოს გრამატიკულად გამართული, საინტერესო, ორიგინალური, და სხვა (ბევრი დადებითი შინაარსის მქონე სიტყვები). 
 
კითხვა მეორე - რატომ მინდა დავწერო? საწყის ეტაპზე უფრო ეგოისტური მიზნების გამო, თუნდაც ის, რომ ამ ეტაპზე წერის კომპლექსის განცდა გავიქრო, რასაც, სავარაუდოდ, მოვახერხებ რამდენიმე პოსტის დაწერის შემდეგ. მეორე მიზეზად ძნელია არ დავასახელო თვითდაკვირვება, ის თუ როგორ მიმდინარობს ჩემი შეხედულებების ცვლილება. ბლოგი საშუალებას მომცემს თვალი ვადევნო ჩემი შეხედულებების ცვალებადობას, რაც საკუთარ თავზე გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას მომცემს. დაპირებების მიცემა არ მიყვარს თავისი შემზღუდველი ხასიათის გამო, ამიტომ ამ ეტაპზე თავს ავარიდებ. 
 
კითხვა მესამე - ვინ ვარ? პასუხი: ადამიანი. დავიბადე და 21 წელია ვცხოვრობ სპონტანური ყოფით და დაუგეგმავი ქმედებით. არაფერს/ვერაფერს ვგეგმავ წინასწარ, ვინაიდან აზრი არ აქვს. ვთვლი, რომ ყოველდღიურობას არ სჭირდება ჩვენი დახმარება, ის საკმარისად იძლევა ჩარჩო-სქემებს. ბავშვობიდან ერთადერთი სპორტი, რომელშიც ტოლს არ ვუდებდი არავის, ჩემოდნის სწრაფად ჩალაგება და საცხოვრებლის შეცვლა იყო. ამ სპორტით ახლაც აქტიურად ვარ დაკავებული. ვსწავლობ ფსიქოლოგიას, მაინტერესებს ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმართულებები მაგ. ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია. ეს მოკლედ ჩემს შესახებ, ხოლო შემდგომ პოსტებში უკეთ გაიგებთ ჩემზე, რაც აქ გამოვტოვე  სიზარმაცის ან თანდაყოლილი ამნეზიის გამო. 
თომა სუხიშვილი - ბლოგერი ახალგორიდან. 22 წლის, სტუდენტი.

თენგიზ აგირბა - ბლოგერი სოხუმიდან. 28 წლის, ბიზნესმენი

ბლოგერი ცხინვალიდან - ანონიმი ბლოგერი ცხინვალიდან, 45 წლის