თენგიზ აგირბა - ბლოგერი სოხუმიდან. 28 წლის, ბიზნესმენი

ავტორი: ჩემ შესახებ
პირველ რიგში, მე აფხაზი ვარ. თენგიზ აგირბა, 28 წლის. 
 
მთელი ცხოვრება აფხაზეთში გავატარე, თუ არ ჩავთვლით სტუდენტობის წლებს: ერთი წელი სანკტ-პეტერბურგში, 5 წელი კი - მოსკოვში  ვცხოვრობდი, მაგრამ ამ პერიოდშიც მუდმივად დავდიოდი აფხაზეთში. პროფესიით  ისტორიკოსი და ეკონომისტი ვარ, თუმცა ამჟამად საზოგადოებრივი საქმიანობით და საკუთარი ბიზნესით ვარ დაკავებული. 
 
 რაც შეეხება ამ პროექტს და პროექტის ფარგლებში ჩემ მიერ მომზადებულ ბლოგპოსტებს, რამდენიმე თვის წინ ერთმა კარგმა, ჭკვიანმა და ლამაზმა გოგომ და ამ პროექტის დირექტორმა, ირინკა ალიაშვილმა ქართველი მკითხველებისთვის ბლოგის წარმოება მთხოვა. მიზანი ასეთია:  მათ, ბლოგის მეშვეობით, აფხაზის შეხედულებები უფრო ახლოს უნდა გაიცნონ. იდეა საინტერსოდ მეჩვენა და  მეც დავთანხმდი.
 
რა მინდა მკითხველებს ვუთხრა? ვოცნებობ, ვცხოვრობდე ძლიერ, პატიოსან, გულწრფელ და ვაჟკაცურ საზოგადოებაში. ასეთ გარემოში სუნთქვა ადვილია.
 
მე მინდა ვუთხრა სხვადასხვა ერის წარმომადგენელ ყველა ადამიანს, რომ არ ღირს უცებ შევითვისოთ უცხო კულტურა, რომელსაც თავს გვახვევს  ცივილიზებული „გლობალიზებული“ საზოგადოება. ევროპაში, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, არ იყო მიღებული ბანაობა, მაგრამ ჩვენი აფხაზი წინაპრები არ მისდევდნენ ამ მაგალითს. ესაა ტოტალური ზომბირების ეპოქა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით (ტელევიზია,ინტერნეტი) მათი ქცევის მოდელის თავს მოხვევა, რომელიც შლის განსხვავებას ქალსა და კაცს, უფროსსა და უმცროსს შორის. ჩაცმულობის, ქცევისა და კანონების იძულებითი ფორმა ანგრევს ადამიანის  ინდივიდუალობას. ადამიანი უნდა იყოს საკუთარი ბედის გამგებელი, თავისი სულის მფლობელი, შესაბამისად- გარემოსიც. 
 
არ ვაპირებ რომელიმე საზოგადოება ან კულტურა განვსაჯო, ყველას თავისი გზა აქვს, კულტურებს შორის განსხვავებულობის წაშლა - ეს ცუდია,  ქცევის კოდექსის დაკარგვის შედეგად, რომელიც  ბუნების შვილების მიერ ათასწლეულების განმავლობაში ადამიანური სულის მხარდასაჭერად გამომუშავდა, მსოფლიო სულიერად  უფრო და უფრო ღარიბი ხდება.
 
გვინდა თუ არ გვინდა, თანამედროვე სამყაროში რობოტები და ბაზრის მონები ვხდებით. ამ დროს, ერთადერთი შეზღუდვა არასრულყოფილი კანონებია. სინდისი - ერთადერთია, რომლის დაცვაც ღირს. ხოლო სული და ღირსება კი ისაა, რისთვისაც ცხოვრება ღირს. ის  ერთადერთია, რაც ადამიანმა შექმნა როგორც რაღაც ღირებული  და ფასეული, და არა როგორც სათამაშო.  
 
მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ერთადერთი ფორმულა, რომელზეც დამოკიდებულია სიცოცხლე ან სიკვდილი ჩვენი ხალხის - აფხაზების, არის ჩვენი  სული. და აქ მხოლოდ  ქცევის წესების  ფორმალური დაცვა არაა მნიშვნელოვანი. აუცილებელია   ჭეშარიტი კეთილშობილების, ვაჟკაცობის, სინდისის, ღირსების, თავმდაბლობის შენარჩუნება.
 
დავუბრუნდეთ პრაგმატულ ყოველდღიურობას. მინდა ავხსნა, თუ როგორ ვხედავ მთავარ პრობლემებს. მინდა დავინახო, თუნდაც დაახლოებით მაინც, ჩემი ხალხისა და სახელმწიფოს მომავალი. ალბათ, საჭიროა, რაღაცები აშენდეს, შეიქმნას საკურორტო გარემო და შევერწყათ მსოფლიო თანამეგობრობას და სხვა, მაგრამ პირადად მე ეს პრობლემები ნაკლებად მანაღვლებს. სამაგიეროდ, უფრო მაღელვებს ის, რომ აფხაზთა რაოდენობა სულ იკლებს და ასეთი ტემპით 30 წლის შემდეგ  ჩვენ ვიქნებით მაქსიმუმ 10 პროცენტი მოსახლეობისა აფხაზეთში, ხოლო აფხაზური ენა და სულიერი მემკვიდრეობა გაქრება. სანამ ასეთი პრობლემები არსებობს, დანარჩენი სხვა მეორე პლანზე გადადის. 
 
აგრეთვე, რამდენიმე სიტყვა ჩვენს სახელმწიფო სისტემაზეც მინდა ვთქვა. ძალაუფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული საზოგადოების მიერ, საუკუნეების განმავლობაში დანაშაულებრივ სისტემად გარდაიქმნება. ჩემთვის არაა არსებითი პრეზიდენტის პიროვნება, თუნდაც ის იყოს ძალიან კარგი. საჭიროა შეიცვალოს თვითონ სისტემა. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ მას შევცვლით. ღმერთმა ქნას, რომ ნებით არჩეული პრეზიდენტი, ხალხის მსახური, თვითონ ძალაუფლებამ გახადოს გამჭირვალე. 
 
წინააღმდეგი ვარ ყველაფრის, რამაც შეიძლება თეორიულადაც კი მიგვიყვანოს სისხლისღვრამდე აფხაზებს შორის, მაგრამ თუ ვინმე მოინდომებს ზევიდან მელაპარაკოს, ან ჩამთვალოს მაგიდაზე მოხტუნავე მწერად, დაუფიქრებლად დავიწყებ ბრძოლას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. 
 
ვგრძნობ, ხშირად არ გვყოფნის უნარი, დავარქვათ საგნებს თავიანთი სახელი.  საკუთარი ხალხის მიმართ თითოეულ მოქალაქეს უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გააჩნდეს.
 
ადრე მე უკვე ვთქვი, რომ აფხაზეთში ყველა ცოტათი მაინც უნდა იყოს სულით ჩე გევარა და არა „სპეკულანტი“, როგორც ახლა ყოველი მეორეა აფხაზეთში.
 
ამ და სხვა თემებზე ვეცდები, ჩემი მოსაზრებები პოსტების მეშვეობით გავაცნო საზოგადოებას, იმედია საინტერესო იქნება.
თომა სუხიშვილი - ბლოგერი ახალგორიდან. 22 წლის, სტუდენტი.

თენგიზ აგირბა - ბლოგერი სოხუმიდან. 28 წლის, ბიზნესმენი

ბლოგერი ცხინვალიდან - ანონიმი ბლოგერი ცხინვალიდან, 45 წლის