სამეგარღაჭ₾ეჩ ხომ გით სანთელი ცვილი მოვიდა


ბლოგპოსტის შესახებ
 
ამ პროექტის განხორციელება თავიდან საკმაოდ არარეალურად ჟღერდა. გვეუბნებოდნენ, რომ ვერ შევძლებდით, აფხაზები და ოსები დაგვერწმუნებინა ქართველებისთვის ეწერათ. ყველა, ვისთანაც კონსულტაცია გავიარეთ, გვიხსნიდა, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლებთან საქმიანი ურთიერთობა თითქმის შეუძლებელია. 
 
- „თქვენი მიზანი რა არის? მხარეების დაახლოება და დამეგობრება?“ - ცინიკური ღიმილით გვკითხეს არაერთხელ.
 
ჩვენი მიზანი ძალიან მარტივია: რამდენმა თქვენგანმა იცის, როგორ ცხოვრობენ სოხუმში ან ცხინვალში? სად დადიან საღამოობით გასართობად? რა საერთაშორისო და ადგილობრივი კერძო კომპანიები მუშაობენ? ადგილობრივი წარმოება არის? არასამთავრობო ორგანიზაციები? ბავშვები სკოლაში 1-ელ სექტემბერს მიდიან? ინტერნეტი ისევე ჭედავს მათთან, როგორც ჩვენთან, თუ არა? „მაკდონალდსის“ „რესტორნები“ იქაცაა? „კოკა-კოლას“ სვამენ? კინოთეატრებში რა გადის? ერთმანეთს რა ენაზე ესაუბრებიან? ახალგაზრდებს რა პერსპექტივები აქვთ? შეუძლიათ დასავლეთის ქვეყნებში განათლების მიღება? ვიზებს როგორ იღებენ? საზღვრის გადაკვეთისთვის რა ბიუროკრატიული პროცედურაა გასავლელი?  
 
კონსულტაცია ვისთან აღარ გავიარე - ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროსთან, აფხაზეთის ქალთა ასოციაცია „საბინების“ ხელმძღვანელთან, რიტა ცინდელიანთან, „რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრი ერგნეთის“ ხელმძღვანელთან, ლია ჩლაჩიძესთან და ა.შ. 

ყველა დაახლოებით ერთსა და იმავეს იმეორებდა - 
„გამორიცხულია ანგარიშსწორება ქართული ბანკით!“ 
„დაფიქრდით, ხელშეკრულება რომელი კანონმდებლობით უნდა გააფორმოთ!“ „კომენტარების ველი გახსნილი იქნება? როგორ გააკონტროლებთ სიძულვილის ენას?!“ 
„სად გამოქვეყნდება? ვებ-ის დომეინი რა იქნება .ge თუ .com? .com ჯობია“ 
„პროექტის მიზანი რა არის, დამეგობრების კიდევ ერთი უშედეგო მცდელობა?!“ 

მე ისევ და ისევ ვიმეორებდი, რომ ჩვენ გვინდა, პარალელურ რეჟიმში დავინახოთ სოხუმელი, ცხინვალელი და თბილისში მცხოვრები ახალგორელის ცხოვრება. ამიტომაც წამოვიწყეთ ეს პროექტი - სამი განსხვავებული ადამიანის დღიური ქართულ და რუსულ ენებზე.
თუმცა მთავარი პრობლემა მაინც ბლოგერების მოძებნა და მათ შორის საუკეთესოების არჩევა იყო. ამაში ძალიან დამეხმარნენ რიტა ცინდელიანი და ლია ჩლაჩიძე. საბოლოოდ პროექტი ზაზა დარასელის სახელობის საქველმოქმედო ფონდის დაფინანსებით დავიწყეთ. 
 
ცხინვალელი ბლოგერი ახალგაზრდა ქალი შევარჩიეთ, რომელმაც საკუთარი უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით ანონიმურად დარჩენა ისურვა. 

სოხუმიდან თენგიზ აგირბა წერს ჩვენთვის. ეს ბიჭი სოციალური ქსელების საშუალებით ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, როცა ერთ-ერთი ამერიკული გამოცემისთვის აფხაზებზე ვწერდი. როცა ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ, ბევრი აღარ მიფიქრია, თუ ვინ იქნებოდა ბლოგერი აფხაზეთიდან - ‘თენგო ამისთვის ზედგამოჭრილია!’ - გავიფიქრე. ჩემი აზრით, მას  ძალიან ბევრი რამ აქვს სათქმელი ქართველებისთვის. მისი პოსტებით შეგვიძლია საკუთარი თავი აფხაზების თვალით დავინახოთ. 
 
თომა სუხიშვილი წარმოშობით ახალგორიდანაა, 2008 წლამდე ოჯახთან ერთად იქ ცხოვრობდა. ამჟამად თბილისშია და თსუ-ში ფსიქოლოგიას სწავლობს. სწორედ ის წარმოადგენს ჩვენს პროექტში კონფლიქტის ქართულ მხარეს და „თბილისის“ გრაფაში მისი პოსტები დაიდება. 
 
ვიმედოვნებ, რომ ამ 11 თვის განმავლობაში ქართველი, აფხაზი და ოსი მკითხველი სამივე ბლოგერის შეხედულებებს წაიკითხავს, გაეცნობა მათ ყოველდღიურ ცხოვრებას, რუტინას და პრობლემებს. „დაახლოება და დამეგობრება“ არა, უბრალოდ „გაცნობა და გაგება“ გვინდა.
 
ირინა ალიაშვილი
პროექტის დირექტორი
თომა სუხიშვილი - ბლოგერი ახალგორიდან. 22 წლის, სტუდენტი.

თენგიზ აგირბა - ბლოგერი სოხუმიდან. 28 წლის, ბიზნესმენი

ბლოგერი ცხინვალიდან - ანონიმი ბლოგერი ცხინვალიდან, 45 წლის