სოციალურ-პოლიტიკური რეკლამები

ავტორი: ნინო გელაშვილი

ჩემი ბებია მარტო ცხოვრობს და დღის უმეტეს ნაწილს ტელევიზორს უყურებს, ძირითადად საინფორმაციო გადაცემებს ან თოქ-შოუებს. ამბობს, რომ ბევრი რამ არ ამახსოვრდება, მაგრამ ერთობა. სამსახურის მერე ზოგჯერ მასთან მივდივარ და გადაცემებს ერთად ვუყურებთ. რთველის რეკლამა გადის. ჩვენ კახელები ვართ, ორი ვენახიც გვაქვს, მართალია, ახლა სხვები უვლიან, მაგრამ რთველი ჩვენთვის მაინც ახლობელი თემაა. ბებო ადამიანების იმ კატეგორიას ეკუთვნის, ტელევიზორში მოსმენილს ეჭვქვეშ იშვიათად რომ აყენებს.

ტელევიზორი ახლა წარმატებულ რთველზე ყვება. „სახელმწიფო პირდაპირ აფინანსებს ქარხნებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი 1 ლარად ან მეტად იბარებენ თქვენგან კონდინციურ ხარისხიან ყურძენს. ერთი სიტყვით წლევანდელი რთველი მაქსიმალურად ორგანიზებული იქნება და რაც მთავარია, გლეხს ჩაუბარებელი ყურძენი აღარ დარჩება."




ბებოსთვის სახელმწიფო მმართველი პარტიაა, შესაბამისად, მისთვის სიტყვები „სახელმწიფოს დაფინანსებით" ნიშნავს "მთავრობის დაფინანსებით". ეს რეკლამა რომ ივანიშვილის მთავრობის და მისი პრეზიდენტობის კანდიდატიის რეკლამაა, ბებოს ეჭვი არ ეპარება.

ასეთი აღქმა მხოლოდ ჩემს 78 წლის ბებიას არ აქვს. ჯერ კიდევ ეუთოს 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის ზღვარი ფაქტობრივად არ არსებობს. ამიტომ რეკლამები, რომლებიც წინასაარჩევნოდ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებზე მოგვითხრობენ, შეიძლება აღქმული იყოს მმართველი გუნდის რეკლამად. როგორც წესი, მსგავსი რეკლამები სოციალური სტატუსით გადის, არ აქვს პოლიტიკური რეკლამის ნიშანი და შესაბამისი უწყებების ბიუჯეტიდან ფინანსდება.

რეკლამის შესახებ კანონის მიხედვით, სოციალური რეკლამა განიმარტება, როგორც საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.
რთველის რეკლამის გარდა, 1 სექტემბრიდან სხვადასხვა ტელევიზიით ასეთი რამდენიმე ვიდეო რგოლი გავიდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის და შეღავათიანი აგროკრედიტების რგოლები სახელმწიფოს მიერ გაწეულ დახმარებაზე გვიყვება.




„მედია პორტალმა" იმის გასარკვევად თუ რა სტატუსით გადის ეს რეკლამები ეთერში, ყველა ტელევიზიას მიმართა, თუმცა არც ერთმა, მათ შორის არც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, წერილზე პასუხი არ გაგვცა. ამიტომ ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს რეკლამები სოციალური სტატუსით გადის ეთერში.

საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლით ბიუჯეტიდან დაფინანსებული რეკლამების საარჩევნო სუბიექტებისთვის გამოყენება დაუშვებელია.

„წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით ისეთი სააგიტაციო მასალის, ვიდეო- ან აუდიომასალის დამზადება, ვებგვერდის ან მისი ნაწილის შექმნა, რომელშიც/რომელზედაც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი/პოლიტიკური პარტია ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო ინფორმაციას. იმავე პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით დამზადებულ სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება."

20 აპრილს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ მთავრობას მოუწოდა, წინასაარჩევნო პერიოდში შეაჩეროს მედიაში სოციალური რეკლამის სტატუსით იმ ვიდეო რგოლების განთავსება, რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელებულ ან განსახორციელებელ პროექტებს ასახავს და საარჩევნო რეკლამად აღქმის შესაძლებლობას იძლევა.

სოციალურ რეკლამებში შეპარული პოლიტიკურ ნიშნების პრაქტიკა ახალი არ არის და ის გასულ წელს უფრო მასშტაბური იყო. ამის შესახებ მაშინ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც" საუბრობდა.

ბლოგი მომზადებულია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - „ფარული და პოლიტიკური რეკლამის მონიტორინგი 2013 წლის (საპრეზიდენტო) წინასაარჩევნო პერიოდში" ფარგლებში.



დაგვიკავშირდით

გსურს გაიგო მეტი? შეავსე ფორმა და ჩვენ უმოკლეს დროში გიპასუხებთ.
სახელი *
ტელეფონი *