ანტირეკლამა: ანუ რაც აკრძალული არაა, ნებადართულია

ავტორი: სალომე აჩბა

პირველად ანტირეკლამას საპარლამენტო არჩევნების დროს მოვკარი თვალი.
- ეს ხომ კანონდარღვევა ?! ეს ხომ არაეთიკურია?! - გავიფიქრე და საკანონმდებლო რეგულაციებში ქექვა დავიწყე.

ხან იურისტებს დავეკითხე, ხან საარჩევნო კანონმდებლობაში გათვითცნობიერებულ „ენჯეოშნიკებს" და დავადგინე, რომ კანონი ანტირეკლამას არ კრძალავს! ასე რომ, ერთი ბანალური გამონათქვამისა არ იყოს „რაც აკრძალული არ არის, ნებადართულია".


2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ტელეეთერში „ქართული ოცნების" ანტირეკლამების გამოჩენამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ბიძინა ივანიშვილის გამოსვლების კოლაჟი სწორედ ისეთ ფრაგმენტებს შეიცავდა, სადაც მას ენა ებმის, სიტყვები ავიწყდება და შეცდომებს უშვებს. ყოველი რეკლამის ბოლოს ამონათებული წარწერით „ქართული ოცნება?" თითქოს გვეკითხებოდნენ, ნუთუ თქვენი ქართული ოცნება ეს არის?!

 

 

 

ეს ვიდეორგოლი და კიდევ 14 მსგავსი ასეთი ანტირეკლამა ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდება"-მ მოამზადა. ერთი წლის წინ, ორგანიზაციის დამფუძნებელი, გიგა ნასარიძე გვიხსნიდა, რომ ამგვარ კამპანიაში პრობლემას ვერ ხედავდა. თუმცა, ჩემთვის პრობლემა აშკარა იყო: კლიპებიდან ვერ ვიგებდი, რომელი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ გადიოდა ეს რეკლამები.

 

„საქართველო არ იყიდება" არჩევნების შემდეგ მალევე გაქრა საჯარო სივრციდან. მისი არსებობა მე მხოლოდ ახლახან გამახსენდა, როცა საპრეზიდენტო წინასაარჩევნო პერიოდში ტელე-ეთერში „ქართული ოცნების" ანტირეკლამები ვნახე. ეს კლიპებიც იმავე პრინციპითაა მომზადებული, ჩემთვის ერთი შეხედვითაც კი ჩანს, რომ ხელწერა ერთია. თუმცა განსხვავებაა იმაშია, რომ ამჯერად, რეკლამის დამკვეთად „ნაციონალური მოძრაობა" გვევლინება - ყველა ასეთ რეკლამას მარჯვენა ქვედა კუთხეში აქვს მინაწერი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". მართალია მინაწერი იმდენად წვრილად ჩანს, რომ მისი ამოკითხვა მხოლოდ განსაკუთრებულად დაკვირვებულ თვალს შეუძლია! თუმცა მე სწორედ განსაკუთრებულად დაკვირვებული მაყურებელი ვარ!

უნდა აღინიშნოს, რომ დავით ბაქრაძის საარჩევნო კამპანია, მეტწილად ოპონენტის ანტირეკლამაზეა აგებული. ამას ადასტურებს ჩვენი მედიამონიტორინგის კვლევის რაოდენობრივი შედეგებიც, სადაც კარგად ჩანს, რომ იმ რგოლებს, რომლებიც უშუალოდ დავით ბაქრაძის რეკლამირებას ემსახურება, თითქმის იგივე დრო ეთმობა, რაც „ქართული ოცნების" ანტირეკლამას. 

 

antireklama_kartuli ocneba_nacionaluri mozraoba

 

‘'მედია პორტალი'' აგრძელებს მონიტორიგს, ჩარტზე სექტემბრის მონაცემებია ნაჩვენები. ეს არის ხუთ ტელეარხზე: „კავკასიაზე", „მაესტროზე", „საზოგადოებრივ მაუწყებელზე", „იმედსა" და „რუსთავი 2"-ზე სექტემბერში, „პრაიმ-თაიმში" გასული რეკლამების რაოდენობრივი მაჩვენებელი.

 

მოკლედ, ნაციონალები ტელევიზიით აქტიურად გვახსენებენ ბიძინა ივანიშვილის დაპირებებს და გვეუბნებიან, რომ „ოცნება არ მუშაობს".

 


რამდენად ეფექტურია ასეთი წინასაარჩევნო კამპანია?

„ეტყობა „ნაციონალურ მოძრაობას" უფრო მეტი სათქმელი ქართულ ოცნებაზე აქვს, ვიდრე - საკუთარ მიღწევებზე" - მოგვწერა ერთ-ერთმა ფორუმელმა, როცა ეს შეკითხვა ფორუმ.გე-ს მომხმარებლებს დავუსვით.

http://forum.ge/?f=19&showtopic=34581091

 

ერთი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ოპონენტის კრიტიკაზე აგებულმა კამპანიამ „ნაციონალებს" გამარჯვება ვერ მოუტანა. პირადად მე მგონია, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია არამარტო ეფექტური, არამედ ეთიკურიც უნდა იყოს. თუმცა, არ ვიცი რამდენი ადამიანი იზიარებს ჩემს მოსაზრებას.

 

თუ გავითვალისწინებთ, როგორი სერიოზულობით ეკიდებია „ნაციონალური მოძრაობა" პიარს, ალბათ, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს რეკლამები წინასწარ განსაზღვრული სტრატეგიის ნაწილია და მათ მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

 

ბლოგი მომზადებულია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - „ფარული და პოლიტიკური რეკლამის მონიტორინგი 2013 წლის (საპრეზიდენტო) წინასაარჩევნო პერიოდში" ფარგლებში.

 

დაგვიკავშირდით

გსურს გაიგო მეტი? შეავსე ფორმა და ჩვენ უმოკლეს დროში გიპასუხებთ.
სახელი *
ტელეფონი *