საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნინო ბურჯანაძეს უფასო სარეკლამო დრო დაუთმო

ავტორი: სალომე ცეცხლაძე

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ მისთვის უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის თხოვნით 5 ტელეკომპანიას მიმართა, თუმცა პოლიტიკური რეკლამისთვის უფასო დრო ჯერჯერობით, მხოლოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაუთმო.

კანონის თანახმად, უფასო სარეკლამო დრო მხოლოდ კვალიფიციურ კანდიდატებს ეკუთვნით. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამჟამად 7 კვალიფიციური კანდიდატია დარეგისტრირებული. მათ შორის ნინო ბურჯანაძე არ არის. ბურჯანაძემ მასთან მიმართებაში „საარჩევნო კოდექსის" 51-ე მუხლის მე-8 პუნქტის ამოქმედება მოითხოვა.


„საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, თუ საზოგადოებრივი კვლევის შედეგების თანახმად რომელიმე პოლიტიკური პარტია არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის, ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით, მაუწყებელი უფლებამოსილია ის კვალიფიციურ სუბიექტად აღიაროს.

 

„უფლებამოსილია ნიშნავს, რომ თვითონ შეუძლია გადაწყვიტოს, აღიაროს თუ არა კანდიდატი კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად. მაუწყებელს ამის ვალდებულება არ აქვს", - განმარტავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საარჩევნო პროექტების კოორდინატორი ლელა ტალიური.

 

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" იურისტი ქეთი ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ნინო ბურჯანაძის კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიარების თხოვნით მათ 5 ტელეკომპანიას : საზოგადოებრივ მაუწყებელს, აჭარის ტელევიზიას, „იმედს", „რუსთავი 2"-სა და „მაესტროს" მიმართეს.

 

„ჩვენ 6 სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარვუდგინეთ ტელევიზიებს. მათ შორის იყო „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) და „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევები. ყველა კვლევაში 4 პროცენტიანი ბარიერი გადალახული გვქონდა", - ამბობს ქეთი ზაქარეიშვილი.

 

ნინო ბუჯანაძე კვალიფიციურ კანდიდატად ჯერჯერობით, მხოლოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღიარა და უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის დროც (საათში 60 წამი) გამოუყო.

 

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" იურისტი აცხადებს, რომ „იმედმა" და „მაესტრომ" ბურჯანაძისთვის უფასო სარეკლამო დროის დათმობაზე უარი განაცხადეს: „მათ მიზანშეწონილად არ ჩათვალეს ჩვენთვის უფასო სარეკლამო დროის დათმობა. „რუსთავი 2" -მა კი პასუხიც არ მოგვწერა".

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „მედია პორტალთან" საუბარში ამბობს, რომ ეს კერძო კომპანიის კომერციული გადაწყვეტილება იყო: „გადაწყვეტილება ტელევიზიის დისკრეციაა, მაგრამ თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებ, კანონით ის არადისკრიმინაციულად უნდა გამოიყენო. კვლევებით ჩანს, რომ 4 პროცენტიან ბარიერს შალვა ნათელაშვილიც ლახავს. თუ ნინო ბურჯანაძეს დავუთმობდით დროს, უფასო სარეკლამო დროის დათმობის ვალდებულება შალვა ნათელაშვილის მიმართაც გაჩნდებოდა. უფასო პოლიტიკური რეკლამებით ეთერი ისედაც გადაჭედილი გვაქვს. ამიტომ, მივიღეთ კომერციული გადაწყვეტილება. ჩვენი ინტერესია, რომ მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამა გავუშვათ".

 

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი ამჟამად პასუხს აჭარის ტელევიზიიდან ელოდება. პარტიაში იმედი აქვთ, რომ რადგან აჭარის ტელევიზია ბიუჯეტიდან ფინანსდება, ისიც საკითხს საზოგადოებრივი მაუწყებლის მსგავსად გადაწყვეტს.

 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისმა კომისიამ დადებითად შეაფასა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება ნინო ბურჯანაძისთვის უფასო სარეკლამო დროის გამოყოფასთან დაკავშირებით.

„მოვუწოდებთ აჭარის ტელერადიო დეპარტამენტს, გაითვალისწინოს საზოგადოებრივი კვლევის შედეგები და გაიზიაროს „საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიდგომა სარეკლამო დროის გამოყოფასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

 

„მედია პორტალის" ფარული და პოლიტიკური რეკლამის მონიტორინგის კვლევის შედეგად 2013 წლის სექტემბერში ფასიანი პოლიტიკური რეკლამით მხოლოდ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ნინო ბურჯანაძემ ისარგებლა.

 

სტატია მომზადებულია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - „ფარული და პოლიტიკური რეკლამის მონიტორინგი 2013 წლის (საპრეზიდენტო) წინასაარჩევნო პერიოდში" ფარგლებში.

 

 

დაგვიკავშირდით

გსურს გაიგო მეტი? შეავსე ფორმა და ჩვენ უმოკლეს დროში გიპასუხებთ.
სახელი *
ტელეფონი *