ფარული თუ სოციალური?!

ავტორები: სალომე აჩბა, სალომე  ცეცხლაძე

საზოგადოებრივ მაუწყებელზე 16 ოქტომბრიდან რეკლამა “არა რასიზმს” გამოჩნდა, მისი დამკვეთი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო სოლიდარობაა”.

რეკლამაში გამოყენებულია 2010 წელს გადაღებული საარქივო მასალები. მიხეილ სააკაშვილი საყვედურობს იმ ქართველ მებაჟეებს, რომლებმაც ესპანელი ტურისტები გაჩხრიკეს: “სად გინახავთ, რომ ყველა შემოსულ სატრანსპორტო საშუალებას აჩერებდნენ. სად გინახიათ, რომ ჩამოყავდეთ და ყველა ტურისტს სათიათაოდ ჩხრეკდნენ…. მაშინ ჩვენ რა, ზანგები ვართ თუ რატომ ვიქცევით ველურებივით?”  

სოციალური რეკლამის მესიჯია “არა ძალადობას! არა რასიზმს! Say no to racism!”



რეკლამის დამკვეთის, “სამოქალაქო სოლიდარობის” გამგეობის თავმჯდომარის, ირაკლი კაკაბაძის თქმით, მათი არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი რასიზმსა და ეთნოცეტრიზმთან ბრძოლაა. ეს სოციალური რეკლამაც  ამ კამპანიის ფარგლებში დამზადდა.

“ჩვენ არჩევნების მერეც ვაპირებთ ამ კამპანიის გაგრძელებას. სააკაშვილის ამ რასისტულ გამოხტომაზე რეაქცია გქვონდა ჯერ კიდევ 2010 წელს და იმის მერე რეგულარულად ვახსენებთ საზოგადოებას ამას. როცა ქვეყნის პრეზიდენტი ღიად რასისტულ განცხადებებს აკეთებს - ეს სრულიად უპატიებელია”, - ამბობს ირაკლი კაკაბაძე “მედია პორტალთან” საუბარში.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ააიპ “სამოქალაქო სოლიდარობა” 2013 წლის 19 სექტემბერს დარეგისტრირდა. გამგეობის ხელმძღვანელი ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანია. გამგეობას 10 წევრი  ჰყავს, მათ შორის: ირაკლი კაკაბაძე გიორგი კორკოტაშვილი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, ასევე პოლიტპატიმრებად ცნობილი ნანა თხელიძე და დავით ბეგიაშვილი.

წესდების მიხედვით, ორგანიზაციის მიზნებია: სახელმწიფო ორგანოების სამოქალაქო მონიტორინგი, სახელმწიფო აღმშენებლობის პროცესებში საზოგადოების ჩართულობის და საზოგადოებრივი აქტიურობის ხელშეწყობა, ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტიურობის მონაწილეობის კულტურის განვითარება და სხვა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის კოორდინატორის ეკა ციმაკურიძის თქმით, რეკლამა ერთმნიშვნელოვნად შეიცავს პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს და შეგვიძლია ფარულ პოლიტიკურ ანტირეკლამად განვიხილოთ. ფარული პოლიტიკური რეკლამა კი კანონით არ რეგულირდება.
 
"რასიზმის წინააღმდეგ შესაძლოა, ბევრნაირი კამპანია აწარმოო. მაგრამ როცა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩნდება რეკლამა, რომელშიც არჩევნებში მონაწილე პარტია რასისტულადაა წარმოჩენილი, ამ ფორმით კეთდება მოწოდება,  რომ ამომრჩევლებმა ამ პარტიას ხმა არ მისცენ", - ამბობს ეკა ციმაკურიძე.

ირაკლი კაკაბაძე საია-ს შეფასებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ რეკლამას არჩევნებთან კავშირი არ აქვს: “რასიზმი ყოველთვის რასიზმია და მის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის საჭიროა - არჩევნების წინაც და მერეც. სწორედ ასეთი დამოკიდებულების ბრალია, რომ საქართველოში რასიზმი ჰყვავის. ჩვენ არჩევნების მერეც ვაპირებთ ამ კამპანიის გაგრძელებას”.

იმის გამო, რომ ამ სარეკლამო კლიპს სოციალური რეკლამის სტატუსი აქვს, ის საზოგადოებრივ მაუწყებელზე უფასოდ გადის. 
  
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ კიდევ ერთ ვიდეორგოლში ‘სამოქალაქო სოლიდარობა’ მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის მოვლენებს ახსენებს:



სოციალური რეკლამის გამოყენება პოლიტიკური აგიტაციის მიზნით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდშიც აქტუალური თემა იყო.

ამის გამო,  სამოქალაქო სექტორი სოციალური რეკლამის ახლებურ ფორმულირებას ითხოვდა. დაიწყო კამპანია  “ეს შენ გეხება”, რომლის ერთ-ერთი  მიზანი, სოციალური რეკლამის დანიშნულებისამებრ გამოყენება იყო.

კამპანიის ფარგლებში შექმნილი კანონის ახალი ვარიანტი კონკრეტულ ჩარჩოებს აწესებდა, რომ მომავალში სოციალური რეკლამის სტატუსით მთავრობის დადებითად წარმოჩენა, ან პოლიტიკური პარტიების ანტირეკლამა არ მომხდარიყო.

შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, სოციალურ რეკლამაში არ უნდა გამოჩენილიყვნენ პოლიტიკური და საჯარო თანამდებობის პირები, საარჩევნო სუბიექტი და კანდიდატი, ან მათი რიგითი ნომერი. ახალი კანონის თანახმად, უნდა შემოსულიყო ფარული რეკლამის დეფინიცია. თუმცა, მაშინ მმართველ პარტიასთან ამ ცვლილებებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.

სტატია მომზადებულია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - „ფარული და პოლიტიკური რეკლამის მონიტორინგი 2013 წლის (საპრეზიდენტო) წინასაარჩევნო პერიოდში" ფარგლებში.ასევე იხილეთ სალომე აჩბას ბლოგი ამავე თემაზე და ნინო ჭანტურიას ბლოგი რეკლამებსა და ანტირეკლამებზე

დაგვიკავშირდით

გსურს გაიგო მეტი? შეავსე ფორმა და ჩვენ უმოკლეს დროში გიპასუხებთ.
სახელი *
ტელეფონი *