პოლიტიკურ რეკლამაზე შესაძლოა, ზღვრული ფასი დაწესდეს

ავტორი: მანანა ვარდიაშვილი


ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც პარლამენტში საარჩევნო გარემოს რეფორმის მიზნით შეიქმნა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე რამდენიმე რეკომენდაციის შემუშავებაზე მუშაობდა. მათ შორის იყო: ფარული პოლიტიკური რეკლამის დეფინიციის შემოღება და საარჩევნო კანონმდებლობით მისი აკრძალვა, უფასო პოლიტიკური რეკლამის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურების საკითხი და ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ზედა ზღვრის დაწესება.

რა დასკვნამდე მივიდა ინტერფრაქციული ჯგუფი და როგორია მათი რეკომენდაციები, ამ საკითხებზე „მედია პორტალი" „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროექტის მენეჯერს, ლევან ნატროშვილს ესაუბრა.

 

-„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გასულ წელს ყურადღებას ამახვილებდა პოლიტიზებულ სოციალურ რეკლამებზე, ანუ, რეკლამებზე, რომელთა შინაარსი ძალიან ჰგავდა წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამებს. თქვენი შეფასებით, წელს რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

 

-საზოგადოებრივ მაუწყებელზე ერთი წლის წინ გასული სოციალური რეკლამების ანალიზმა გვაჩვენა, რომ ამ სტატუსით გასული ბევრი ვიდეორგოლი არ შეესაბამებოდა სოციალური რეკლამის კანომდებლობით განსაზღვრულ განმარტებას. საქართველოს კანონმდებლობა მკაცრად განსაზღვრავს თუ რა შეიძლება ჩაითვალოს სოციალურ რეკლამად. „რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, სოციალური რეკლამა „საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ მიმართული რეკლამაა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე, მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას."


გასულ წელს ჩვენ შევისწავლეთ სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით საზოგადოებრივ მაუწყებელზე სოციალური რეკლამის სტატუსით გასული ბევრი ვიდეორგოლი. ბევრ მათგანში საუბარი იყო მთავრობის მიღწევებზე და ისინი თავისი შინაარსით ძალიან ჰგავდნენ „ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო რეკლამებს. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ სოციალურ რეკლამებს არ ჰქონდათ სუბტიტრი „პოლიტიკური რეკლამა".

 

სამინისტროებს არ ეკრძალებათ ტელეკომპანიების ეთერში საიმიჯო რგოლების განთავსება. პრობლემა იყო ის, რომ სახელმწიფო უწყებები ასეთ ვიდეორგოლებს ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით უშვებდნენ. იმის გამო, რომ სოციალური რეკლამის განთავსება კანონით უსასყიდლოდ ხდება, ისინი ძალიან სერიოზულ თანხებს ზოგავდნენ. საიმიჯო რგოლი ჩვეულებრივი კომერციული რეკლამაა და ცხადია, სახელმწიფო უწყებები ბევრ კომერციულ რეკლამას ვერ გაუშვებდნენ. შესაბამისად, სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთი ქმედება მაშინ ჩვენს მიერ შეფასდა როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.


წელს სოციალური რეკლამის პოლიტიკურ რეკლამად გამოყენების ფაქტებს მასობრივი ხასიათი არ ჰქონდა. ერთი თვის უკან „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სოციალური რეკლამის სტატუსით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საიმიჯო რგოლები გაუშვა. ჩვენ ამ ვიდეორგოლებს აუცილებლად ვნახავთ და თუ რაიმე დარღვევას დავაფიქსირებთ, მას ანგარიშში ავსახავთ.

-„საარჩევნო კოდექსის" თანახმად, საერთო მაუწყებლობის მქონე ტელეკომპანიები ვალდებულნი არიან, კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის დრო დაუთმონ. ტელეკომპანიების განცხადებით, უფასო რეკლამების გაშვება მათ მძიმე ტვირთად აწვებათ. იყო საუბარი იმაზე, რომ უფასო პოლიტიკური რეკლამა საერთოდ აკრძალულიყო. შედგა თუ არა კონსენსუსი ამ საკითხზე ინტერფრაქციულ ჯგუფში?

 

- უფასო პოლიტიკური რეკლამის გაშვება ტელეკომპანიებს მართლაც მძიმე ტვირთად აწევთ. მაუწყებლებს ისედაც მწირი სარეკლამო შემოსავლები აქვთ და უფასო პოლიტიკური რეკლამების გაშვება მათთვის დიდი ტვირთია. ეს სერიოზული პრობლემაა. კონკრეტული რეკომენდაცია ჯერ ჩამოყალიბებული არა გვაქვს. განვიხილავთ პრობლემის გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტს. პირველი ვარიანტი არის ის, რომ უფასო პოლიტიკური რეკლამა იყოს ისევ, მაგრამ იმისთვის, რომ ის დიდ ტვირთად არ დააწვეთ ტელეკომპანიებს, უფასო რეკლამის თანხა სახელმწიფომ აანაზღაუროს. მეორე ვარიანტის მიხედვით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამები აღარ იქნება. იქნება მხოლოდ უფასო პოლიტიკური რეკლამები, რომლებსაც სახელმწიფო ვაუჩერების სახით დააფინასებს და შემდეგ პოლიტიკური პარტია თვითონ გადაწყვეტს, რომელ ტელეკომპანიაში გაანაღდოს ვაუჩერი.

 

- ხშირად პარტიებს ფასიანი პოლიტიკური რეკლამების განთავსება უწევთ, პოლიტიკური რეკლამის ფასი კი ძალიან მაღალია. ინტერფრაქციულ ჯგუფში განიხილებოდა პოლიტიკურ რეკლამაზე ფასის ზედა ზღვრის დაწესების საკითხიც. ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებულია?

 

-გასულ წელსაც იყო ანალოგიური პრობლემა. იმის გამო, რომ პოლიტიკური რეკლამა ძალიან ძვირი იყო, შარშან ტელეკომპანიების ეთერში ფასიანი რეკლამების განთავსება მხოლოდ სახელისუფლებო პარტიამ შეძლო. არავისთვის არის საიდუმლო, რომ პოლიტიკური რეკლამის ფასი ჩვეულებრივი კომერციული რეკლამის ფასს ბევრად აღემატება. ინტერფრაქციულ ჯგუფში განიხილება ეს საკითხი და შესაძლოა, პოლიტიკურ რეკლამაზე ფასის ზედა ზღვარი დაწესდეს. თუმცა, კონკრეტული რეკომენდაცია ჯერ შემუშავებული არ არის.

-განისაზღვრა თუ არა ფარული რეკლამის დეფინიცია?

-ფარული რეკლამის დეფინიციის დაწერა ვცადეთ, მაგრამ შემდეგ ამ საქმეს თავი დავანებეთ. ძალიან რთულია განმარტო, რა არის ფარული რეკლამა. მისი ინტერპრეტაცია იმდენად მრავალმხრივია, რომ ამან შეიძლება პრობლემის მოგვარების მაგივრად პირიქით, უფრო ბევრი პრობლემა გამოიწვიოს. მივედით დასკვნამდე, რომ ფარული რეკლამის დეფინიციის შემოღება სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვას გამოიწვვევს. ამიტომ, ამ ეტაპზე არ ვართ მომხრე, რომ კანონში ფარული რეკლამის დეფინიცია შევიდეს. თუ ხელისუფლება სოციალურ რეკლამას აღარ გამოიყენებს საიმიჯო რგოლებისთვის და ამავე დროს კანონი პოლიტიკურ რეკლამას ხელმისაწვდომს გახდის არასახელისუფლებო პარტიებისთვის, მაშინ ფარული რეკლამა ასეთი აქტუალური თემა აღარ იქნება.


სტატია მომზადებულია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - „ფარული და პოლიტიკური რეკლამის მონიტორინგი 2013 წლის (საპრეზიდენტო) წინასაარჩევნო პერიოდში" ფარგლებში.



დაგვიკავშირდით

გსურს გაიგო მეტი? შეავსე ფორმა და ჩვენ უმოკლეს დროში გიპასუხებთ.
სახელი *
ტელეფონი *