როგორ შევფუთოთ პრეზიდენტობის კანდიდატი და მოვამზადოთ პოლიტიკური რეკლამა

ავტორი: გიორგი გოგუა

აუცილებლად დასაTAGი

#საქართველო #აფხაზეთი #განუყოფელი #ოჯახი #უპირველესი #პასუხისმგებლობა #წინსვლა #ტრადიციებითევროპისაკენ #სამართლიანობა #კონტროლი #პრეზიდენტი

პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანია ერთგვარი კერძია, რომელიც ტრადიციულად, ოთხ წელიწადში ერთხელ მზადდება. ვადამდელ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით.

როგორც ყველა კერძის, პოლიტიკური რეკლამის მთავარი დანიშნულებაც ისაა, რომ ამომრჩეველმა რაც შეიძლება მარტივად, მსუბუქად და გემრიელად მიირთვას…

თუმცა, ხშირად ეს ვიდეორგოლები და სლოგანები მაინც ყელში გვეჩხირება. უკვე იმდენჯერ გვაქვს ნაჭამი, რომ ორგანიზმი ამ პროდუქტს ვეღარ იღებს.

ყველა მზარეული ამ კერძს სხვადასხვაგვარად ამზადებს, თავისებურად ფუთავს და ისე გამოაქვს წინასაარჩევნო სუფრაზე. მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა ადრე გამოყენებული ინგრედიენტები ვერ იცნოს და ეგონოს, რომ სრულიად ახალ, თან განსაკუთრებულ რამეს ჭამს…

წინასაარჩევნო რეკლამის კარგად მოსამზადებლად გვაქვს უცვლელი და ცვლადი ინგრედიენტები. უცვლელ ინგრედიენტებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი დაკარგული ტერიტორიებია. მისი უნიკალურობა ისაა, რომ ყოველ ახალ ჯერზე მენიუდან მის სამუდამოდ ამოღებას გვპირდებიან, თუმცა, ჯერჯერობით წინასაარჩევნო ნადიმზე მისი ხვედრითი წილი მხოლოდ იზრდება.

კერძის კიდევ ერთი მთავარი კომპონენტი ახალი სამუშაო ადგილებია, რომელიც წინა ინგრედიენტისაგან იმით განსხვავდება, რომ მზარეულები მუდამ მისი რაოდენობის გაზრდაზე საუბრობენ, თუმცა რეალობაში სულ უფრო და უფრო დიდი იშვიათობა ხდება.

გემრიელი წინასაარჩევნო რეკლამის მოსამზადებლად ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს დავამატოთ ერთმანეთში კარგად ათქვეფილი პენსიები, ხელმისაწვდომი (ან სულაც, უფასო) ჯანდაცვა, განათლება და რაც მთავარია, ევროინტეგრაცია.

დანარჩენი ინგრედიენტების ხვედრითი წილი პოლიტიკურ მდგომარეობასა და მზარეულის გემოვნებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, მონაცვლეობით შეიძლება გავურიოთ: სარწმუნოება, ტრადიციები, ნატო, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, ვალების გასტუმრება, დამნაშავეების (სასტიკად) დასჯა... ასევე ისეთი მეორეხარისხოვანი წვრილმანი, როგორიც არის უმცირესობათა უფლებების დაცვა.

სანამ უკვე კარგად მოხარშულ წინასაარჩევნო რეკლამას სუფრაზე გავიტანდეთ, მისი ლამაზად შეფუთვა არ უნდა დაგვავიწყდეს. ეფექტური სახელწოდების მოფიქრებაც აუცილებელია. მაგალითად ასეთის: „ნულოვანი ტოლერანტობა სააკაშვილის და მისი ჯალათების მიმართ, ყველანი ციხეში“ ანდა „სამართლიანობა ყველგან და ყველასთვის“. მთავარია გავურიოთ საქართველო, აფხაზეთი, ოჯახი, პასუხისმგებლობა, წინსვლა, ტრადიციები, ევროპა, კონტროლი და პრეზიდენტი.

ახლა მხოლოდ ის დარჩა, თქვენი წინასაარჩევნო რეკლამა/კერძი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ჭამოს. ამის მიღწევა შეიძლება არ იყოს ადვილი თუ, მაგალითად, ბოლო 9 წლის მანძილზე ამომრჩეველს რეგულარულად წამლავდით. გაგიჭირდებათ მაშინაც, თუ კარიერის განმავლობაში იმდენად ბევრი სამზარეულო გამოგიცვლიათ, რომ სუფრის წევრებს თქვენში ეჭვი ეპარებათ. სირთულეს გადაეყრებით იმ შემთხვევაშიც, თუ წინასაარჩევნო სუფრაზე ახალი, უფერო და უფორმო (ან ფორმაცვალებადი) კერძით გამოჩნდებით.

თუმცა, თუკი გაგიმართლათ და მაგიდაზე ყველა პროდუქტი წუნის შემცველია, შეიძლება სუფრის წევრებმა თქვენი უგემური კერძი მარტო იმიტომ ჭამონ, რომ ის სხვებს ჯობია.

ბლოგი მომზადებულია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - „ფარული და პოლიტიკური რეკლამის მონიტორინგი 2013 წლის (საპრეზიდენტო) წინასაარჩევნო პერიოდში" ფარგლებში.

დაგვიკავშირდით

გსურს გაიგო მეტი? შეავსე ფორმა და ჩვენ უმოკლეს დროში გიპასუხებთ.
სახელი *
ტელეფონი *