როგორ (არ) მოვამზადოთ პოლიტიკური რეკლამა

ავტორი: ნინო ჭანტურია


როგორც იტყვიან მე ‘პიარშიკი' არ ვარ, მაგრამ მედიაში მუშაობის შემდეგ იმდენი გამოცდილება კი დამიგროვდა, რომ კარგი პიარი ცუდისგან გავარჩიო. პოლიტიკური კომუნიკაციების სფეროში რაღაც მაინც მესმის და ეს რაღაც საშუალებას არ მაძლევს ისეთ პროცესს, როგორიც წინასაარჩევნო კამპანიაა, თვალი ინტერესის გარეშე ვადევნო. მაშინაც კი, როდესაც პროცესი ისეთი დუნე და უინტერესოა, როგორც ახლა - 2013 წლის ოქტომბერში.

ამჯერად სარეკლამო რგოლების ხარისხზე არ ვილაპარაკებ.

არტისტიზმი - 0! კრეატივი -0!
ეს ჩემი ბლოგერი კოლეგის, ლაშა ქავთარაძის შეფასებაა და მას მხოლოდ დავეთანხმები.

ამ ბლოგ პოსტში კანდიდატებისა და პარტიების, თუ მათი პიარშიკების, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია მინდა შევაფასო.
რა თქმა უნდა ყველას ვერ ჩამოვუწერ ნიშნებს, საკუთარი თვალი, ყური და გონება ამისთვის არ მემეტება, მაგრამ რამდენიმე ‘ნამუშევარი' უკვე ვნახე და მინდა თქვენც განახოთ. 

 



უფასო სარეკლამო რგოლებით უკვე ყველამ დაიმახსოვრა სერგო ჯავახაძის სახელი და გვარი, რაც არ არის უმნიშვნელო მიღწევა. მაგრამ ოდესმე პოლიტიკაში თავის დამკვირდებას თუ გადაწყვეტს, ‘პიარშიკი' აუცილებლად უნდა გამოცვალოს!!! ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ რეკლამამ პროდუქტი უნდა გაყიდოს! ანუ, მის დადებით მხარეს ხაზი გაუსვას, უარყოფითი კი - დამალოს. გაუგებარია რა ნიშნით გადაწყვიტა ამ რგოლის ავტორმა, რომ ჯავახაძის სიარულის მანერა აუდიტორიის ყურადღებას იმსახურებს. რატომღაც მგონია, რომ ამ რგოლის რეჟისორმა, რომელსაც ესთეტიკის ბევრი არაფერი გაეგება, კლიპი ან უფასოდ დაამზადა, ან ცოტა გადაუხადეს და ‘მიაფუჩეჩა'.

ბატონო სერგო, ახალი პიარის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ რეკლამამ მაყურებელი არ უნდა დააბნიოს, ასე რომ ჯერ გრძელი და გაუგებარი წინადადებების მოსმენა და მერე მათი ნაწილის გადახაზვა, ვერ არის კარგი სტრატეგია. ამ ვიდეორგოლის ნახვის შემდეგ მაყურებელი არ იფიქრებს, ეს რა ორიგინალური კლიპი ვნახეთო! უბრალოდ იტყვის ამ კაცს თუ ავირჩევთ ჩვენი ქვეყანა მართლა აღარასოდეს წავა წინო!!!

 

 

ეს კამპანია ყველაზე წარმატებული ალბათ ზურაბ ხარატიშვილისთვის იყო!!! პრეზიდენტად რომ არ აირჩევენ ეს (იმედია) მან თავადაც იცოდა, მაგრამ გარდა იმისა, რომ მისი ცნობადობა გაიზარდა, ამ პოლიტიკოსმა მოახერხა ერთ კონკრეტულ ღირებულებასთან გამხდარიყო ასოცირებული: ის საქართველოს სიძლიერეს მრავალფეროვანებაში ხედავს - მისი რგოლებიდან ეს ყველამ კარგად დავიმახსოვრეთ. საკუთარი პოზიციონირება და ერთი მესიჯის კომუნიკაცია პოლიტიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ დავითაშვილი რაც დავიბადე პოლიტიკოსია, ის ჩემთვის დღემდე არ არის ერთ ღირებულებასთან, პრინციპთან ან იდეასთან ასოცირებული. თითქოს სამართლიანობას ‘აწვება', მაგრამ ამდენი წელი ვერ ამიხსნა რას ნიშნავს მისთვის სამართლიანობა და როგორ აპირებს მის აღდგენას.

 

რეკლამისთვის არ იქნებოდა ურიგო ბატონი ხარატიშვილი საკუთარი კაბინეტიდან გამოსულიყო, მაგრამ 100 დოლარიანი კლიპისთვის მან საუკეთესო გამოსავალი მონახა! ზურაბ ხარატიშვილი ელექტორატმა გაიცნო როგორც პოლიტიკოსი, რომელსაც მიაჩნია რომ განსხვავებულები უნდა შეთანხმდნენ. ამ ბლოგში მარტო ვიდეორგოლს ვაფასებ და მინდა ვთქვა, რომ ამ რეკლამამ (მართალია სამიანზე, მაგრამ მაინც) თავისი საქმე გააკეთა.

 

 

ერთი უფასო რჩევა : 90 წამი უფასო სარეკლამო დრო ნიშნავს, რომ ეს დრო საჭიროებისამებრ უნდა გამოიყენო და ტელეეთერი დინამიური კლიპებით დატვირთო. ოთხმოცდაათწამიანი კლიპის ყურება უბრალოდ მტანჯველია! მაგრამ თარგამაძეს იმდენი დაუგროვდა სათქმელი, რომ წუთნახევარი მთლიანად აითვისა.


მონდომება ნამუშევარს აშკარად ეტყობა, იქით ერთი კენჭი ივანიშვილს გადაუგდო, აქეთ მეორე - სააკაშვილს, ცუდი პროდუქტი არ არის და შეფუთვაც არ აქვს ურიგო, მაგრამ სტანისლავსკის ენით რომ ვთქვათ - ნი ვერიუ! მე ამ ადამიანის უბრალოდ არ მჯერა!!! ‘იჩქარე ნელა' ავითვისე, მაგრამ ჩემთვის ჯერაც გაუგებარია ‘წინ! უკან!' ანუ ქრისტიან-დემოკრატების სლოგანი - ‘ევროპაში ფუნდამენტალიზმით'! 

 

ბატონო გიორგი, სხვებმა თქვენგან ჯერ კიდევ ბევრი უნდა ისწავლონ: ‘მე ვაპირებ უბრალოდ გითხრათ სიმართლე! სიმართლე კი ის არის რომ...' ამბობთ თქვენ და საკუთარ პოსტულატებს აყალიბებთ. ყოჩაღ! არ არის ცუდი იდეა! თქვენი კონკურენტები ამასაც ვერ ახერხებენ, თუმცა ეს დემაგოგია ძალიან მოძველებულია და ალბათ ვერ გაჭრის. 


მე პირადად თქვენი წარსული მიღწევების კოლაჟის ყურებისას კიდევ ერთხელ ვხვდები საიდან მოდის ეს ჩემი ‘ნი ვერიუ'.  ერთი რამ მაინტერესებს - საკუთარ ახალდაბადებულ შვილთან ისეთი ფოტო არ გქონდათ სადაც პიჯაკი არ გაცვიათ?
ხვდებით რატომ გეკითხებით?

ხვდებით რატომ არ მჯერა თქვენი?


ახლა კი ყველაზე მძიმე შემთხვევაზე გადავიდეთ!
ჩემი ნება რომ იყოს მარგველაშვილს და მის პიარშიკებს რაიმე ჯილდოს გადავცემდი!!! მათ უნიათობას და არაპროფესიონალიზმს რაიმე განსაკუთრებული მედლით ავღნიშნავდი! ჯერ მარტო როდესაც მმართველ პარტიას წარმოადგენ, იმდენი მაინც უნდა მოახერხო, რომ (ოპოზიციის მიერ მომზადებული) შენი ანტირეკლამა უფრო ადრე და უფრო ხშირად არ გამოჩნდეს ტელეეთერში, ვიდრე შენი საიმიჯო კლიპი! ერთი სასარგებლო საქმე კი გააკეთეს, საუკეთესო მაგალითები (მარგალიტები) შექმნეს იმის ილუსტირებისთვის თუ როგორ არ უნდა გაკეთდეს პოლიტიკური რეკლამა!

 

 

არ შეიძლება კანდიდატის რეკლამაში ის თავად ანფასში და ‘კრუპნით' არ ჩანდეს. ამ კლიპში მანანა კობახიძის იისფერი კაბა არ არის ურიგო, მაგრამ ახლო ხედით, კარგად განათებული გაღიმებული მომავალი პრეზიდენტის ჩვენება უფრო უპრიანი იქნებოდა!

 

 



ეს ადამიანები "ჯიპას" ახლანდელი და მომავალი სტუდენტები არიან? ის ხომ უკვე ვიცით რომ ეს კაცი წარმატებული რექტორი იყო და სტუდენტებს მოსწონთ! ისიც გავიგეთ, რომ ასაკოვან ადამიანებს პატივისცემის ღირსად არ თვლის (ეს ნაციონალებმა დაგვანახეს მარგველაშვილის ანტირეკლამებში). არ ჯობდა რეკლამა იქ ‘მიგეშველებინათ' სადაც თქვენს კანდიდატს უჭირს?
ელექტორატი სხვადასხხვა ასაკისა და ფენის წარმომადგენლებისგან შედგება და თუ თქვენი პროდუქტი პლასტელინი ან უჯრედიანი რვეული არ არის, მხოლოდ სტუდენტებზე ორიენტირებული რეკლამის დამზადება არ არის სწორი სტრატეგია.

ახლა კი ყველაზე გემრიელ ლუკმაზე, ნაციონალურ მოძრაობაზე უნდა გადავიდე! ცხადია რომ ვიღაცამ იფიქრა, იფიქრა და მოიფიქრა: ამ ფონზე ‘ნაცების' კანდიდატს შანსები ძალიან მცირე აქვს, მაგრამ ეს არჩევნები მხოლოდ ერთი (თან უმნიშვნელო) ეტაპია.

 

მთავარია დიდი თამაშისთვის მომზადება!
ნაციონალებმა ჯერ ის კითხეს საკუთარ თავს რისი მიღწევა სურთ გრძელ და მოკლე ვადებში. შემდეგ კი განსაზღვრეს ტაქტიკა საპრეზიდენტო არჩევნებში. ესმის ამ ხალხს პიარი!

 

 



შექების მეტი რა ეკუთვნის იმ ‘პიარშიკს', რომელიც კონკურენტს 83 დაპირებას დაუთვლის ყოველ მათგანზე სათითაოდ გააკეთებს რეაგირებას. პარტიას ამ ეტაპზე იმდენად აქვს სახელი გატეხილი, რომ თავის მოსაწონებელი ბევრი არაფერი დარჩა. მაგრამ ის მაინც მოახერხა, რომ უფასო სარეკლამო დრო მაქსიმალურად აითვისა და საკუთარი მესიჯებით დაგვბომბა!

 

‘ოცნებასთან' თაფლობის წლის დასრულების შემდეგ გვახსენებენ ყველაფერს, რაც არ მოგვწონს, ან არ უნდა მოგვწონდეს. ხშირად გამეორებული ტყუილი ბოლოს სიმართლე ხდებაო, ამბობენ და ამ შემთხვევაში, როცა მმართველი ძალა მართლაც იმსახურებს კრიტიკას, ნაციონალებმა საუკეთესო სტრატეგია აითვისეს. 


ეს პარტია საქმესაც ისე ეფექტურად რომ აკეთებდეს, როგორც ‘აპიარებს', მათ კანდიდატს ჩემი ხმა გარანტირებული ექნებოდა. მაგრამ ამჯერად სხვა გამოსავალი არ მაქვს გარდა იმისა, რომ მივიდე და ყველა გადავხაზო.
ვიცი რომ მე მარტო არ ვარ!

 

ბლოგი მომზადებულია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - „ფარული და პოლიტიკური რეკლამის მონიტორინგი 2013 წლის (საპრეზიდენტო) წინასაარჩევნო პერიოდში" ფარგლებში.

 

დაგვიკავშირდით

გსურს გაიგო მეტი? შეავსე ფორმა და ჩვენ უმოკლეს დროში გიპასუხებთ.
სახელი *
ტელეფონი *