მივცეთ მშვიდობას შანსი!

ბოლო წლებია სისხლით იწერება ქართულ-ოსური ურთიერთობები. თითოეული ადამიანის ტრაგედია უკვე ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ ძნელია მათ მხოლოდ ადამიანური ისტორიები ვუწოდოთ. ეს ომის ისტორიაა.

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. არც ქართველებს და არც ოსებს აღარ ჰყავთ დასაკარგი ხალხი.საკმარისი მსხვერპლია გაღებული ორივე მხრიდან. ახლა, ყველამ თითო აგური უნდა დადოს სამშვიდობო პროცესის საშენებლად.

“მე ვერც ჩემს ქართველ შვილს შეველევი და ვერც ჩემს ოს დედას, არ დავუშვებ, რომ ჩემმა შვილებმა მხოლოდ ქართული, ან ოსური იცოდნენ. მე მიყვარს ცხინვალი და მინდა ჩემს შვილებსაც ასევე უყვარდეთ თავისი მამა-პაპური სახლი, მინდა უყვარდეთ ოსი ბიძაშვილები. ჩემი მეუღლის ჩასვლას სიხარულით ხვდებოდნენ იქაური მეზობლები და მეგობრები. დაბრუნება? ძალიან მტკივნეული თემაა. ამაზე საუბარს ოსებიც და ქართველებიც გაურბიან. უბრალო ხალხი არაა დამნაშავე, ამ ყველაფერში,, -ამბობს ლენა, ერთ-ერთი შერეული ოჯახის დედა,ეროვნებით ოსი და ქართველი შვილების გამზრდელი პედაგოგი, რომელიც ქართველ ბავშვებს, ერთ-ერთ ქართულ სოფელში რუსულ ენას და ლიტერატურას ასწავლის.

დედით ქართველი, მამით ოსი, მეუღლე ქართველი - ფესვები ერთმანეთზე ისე ჩაწნულ ჩაგვირისტებული, რომ ვერანაირი ძალა ამ ფესვებს ვერ დააშორებს, რადგან მათი სიძლიერე სიყვარულშია.

,,ლაპარაკი ადვილია, მოქმედებაა ძნელი.ცხინვალში არასოდეს ყოფილა ეროვნების პრობლემა, ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობდით.ეს ძვირად დაგვიჯდა, ჯანმრთელობის ფასადაც, მაგრამ იყო დიდი სიყვარული და ურთიერთგაგება, თანადგომა. ჩვენმა ოჯახმა დროის გამოცდას გაუძლო. შერეული ოჯახები ორმხრივი ტრაგედიაა“-ამბობს ქალბატონი ლუიზა ჯავიდან, რომელმაც დიდი სიყვარულით შექმნილი ქართული ოჯახი ვერ დაანგრია, იქით დატოვა სახლი, მამა, ძმა, დედის საფლავი, ნათესავები და ცხოვრება ახლიდან დაიწყო.

გიორგი კი, რვა წლისაა. დედით ქართველია, მამით ოსი. რაც დაიბადა სულ დაძაბულობაა. მისი თქმით სულ “ომია “. ახსოვს ხუთი წლის წინ ფორმიანმა ძიებმა გამოიყვანეს სოფლიდან მანქანების კოლონით, ისიც და მისი და-ძმებიც, მეზობლებიც, რადგან სოფელში განუწყვეტელი სროლის ხმა ისმოდა. ღამე სარდაფში ეძინათ, ეშინოდათ, დედა ტიროდა, ლოცულობდა, უფალს მშვიდობას ევედრებოდა; ისევ დაბრუნდნენ სოფელში. ომის შემდეგ სახლი დანგრეული დაუხვდათ. ჭურვი მოხვედროდა. მეზობლის სახლში გაჩერდნენ საცხოვრებლად.ცოტა ხნის წინ ავად გახდა. მძიმე ოპერაცია ესაჭირებოდა. ოჯახს კი საოპერაციო ფული არ გააჩნდა, რომ შორეულ ქალაქში წაეყვანა. დედამ ხმა მიაწვდინა თავის ქართველ ნათესავებს, საერთაშორისო წითელმა ჯვარმა გამოიყვანა სამხრეთ ოსეთიდან. თბილისში გაუკეთეს ოპერაცია. ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა - გამოჯანმრთელდა, უკან დაბრუნებისას მკურნალ ექიმს ჩუმად უთხრა: მეც ექიმი გამოვალ,მეც ვუმკურნალებ პატარა ბავშვებს,მშვიდობას დავიცავ,რომ ჩემი დედა არასოდეს ტიროდესო.

ცხინვალში დღესაც დიდი ტკივილით ცხოვრობს ოსი ინტელიგენტი როლანდი, ქართველი მეუღლის და ორი ვაჟიშვილის პატრონი, რომელსაც ომმა მშვიდობიანი ცხოვრება დაუნგრია. დედა ეროვნებით ოსი ჰყავს. იქ ცხოვრობენ მისი ოსი ძმები და ახლობლები.

“დედა ღმერთს ევედრება,რომ ისე არ წავიდეს ამ ქვეყნიდან,რომ თავისი ძმები და ძმისშვილები ვეღარ ნახოს, დედ- მამის საფლავზე სანთელი მაინც რომ არ დაანთოს. მტკივა, სული მტკივა მაგრამ არაფერი შემიძლია. ვკარგავთ სისხლით და ხორცით ნათესავებს,ნელ-ნელა მავთულხლართების იზოლაციაში ვექცევით“ - ამბობს როლანდი.

ლოგინად ჩავარდა ლიზი დეიდა,-ქართული ოჯახის ოსი დედა, რომლის ყველაზე უმცროსი შვილი ოთხ ბიჭთან ერთად 90-იან წლებში   ნაღმზე აფეთქდა, დედა ოჯახისა,რომელსაც სახელოვანი ძმის ოჯახი და შვილები ცხინვალში დარჩა, ძმის, რომელმაც საუკუნო მეგობრობის ხიდი გასდო ქართველ და ოს ხალხს შორის,მძიმე ავადმყოფობის დროს დაასრულა ბრწყინვალე თარგმანი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისა“, ხოლო სიკვდილის შემდეგ ივანე მაჩაბლის პრემიის პირველი ლაურეატობა ხვდა წილად.

ბოგირი, დგვრისი, ლეკის უბანი, ებრაელთა კვარტალი-სინაგოგა, ჟილმასივი... ასე ახლობელი და ძვირფასი ჩვენი პატარა ქალაქის მაცხოვრებლთათვის,სამწუხაროდ უკვე შორეული და წარსულ ცხოვრებაში დარჩენილი: ,,ჩვენ დავკარგეთ ძალიან ფასეული,საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ფასეულობები, ურთიერთობები. დავკარგეთ ჩვენი შვილების მომავალი, მაგრამ ალბათ ცოტა რამ იყო ჩვენზე დამოკიდებული. უბრალო ხალხი  არაკეთილმოსურნის წყალობით პოლიტიკური მანიპულირების იარაღად იქცა. ტირილამდე მენატრება ჩვენი პაწია, ლამაზი, მყუდრო  ქალაქის ქუჩები, სახლები, სადაც არასდროს იკეტებოდა კარი” -  ტკივილით მწერს ჩემი ოსი მეგობარი ლალი, კიდევ ერთი ქართული ოჯახის დიასახლისი.

რა უნდა ქნან ასეთმა ოჯახებმა, რომელთაც გული ორად აქვთ გაპობილი, რისი იმედი ან მოლოდინი უნდა ჰქონდეთ? როგორ გამოიყენება შერეული ოჯახები, როგორც ფასდაუდებელი რესურსი- მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობა, ნდობის აღდგენის, სამშვიდობო პროცესების გარანტი? საერთოდ არაა შესწავლილი,როგორ მიიღებიან შერეული ოჯახები ქართულ და ოსურ სოციუმებში. ვინ ფიქრობს შერეული ოჯახების შვილებზე, რომლებიც დიდი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იზრდებიან და ცხოვრობენ, რაც ხელს უშლის მათ სრულფასოვან ადაპტაციას საზოგადოებაში.


შერეული ოჯახების თანაცხოვრების პრობლემა აქტუალურია ორივე, დაპირისპირებული მხარისათვის. კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას ალტერნატივა არ აქვს. ასე სწამთ ცხინვალში, ასე სჯერათ ცხინვალს გარეთ.

ახლა დროა, მივცეთ მშვიდობას შანსი!

დაგვიკავშირდით

გსურს გაიგო მეტი? შეავსე ფორმა და ჩვენ უმოკლეს დროში გიპასუხებთ.
სახელი *
ტელეფონი *