„მედია პორტალი“ საკანონმდებლო ინიციატივით ფარული რეკლამის დეფინიციის განსაზღვრას ითხოვს

არაეთიკური პოლიტიკური ვიდეო რგოლები, არასარეკლამო დროში კანდიდატების რეკლამირების შემთხვევები, ტელეეთერში გაპარული ფარული რეკლამები და ანტირეკლამები - ეს იმ დარღვევების არასრული ჩამონათვლია, რომლებიც „მედია პორტალმა" წინასააჩევნო პერიოდში დააფიქსირა.

ორგანიზაციამ სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები მედიის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებს და სოციოლოგებს გააცნო. პრეზენტაციის შემდგომ დისკუსიის მონაწილეებმა საქართველოში პოლიტიკური კულტურის დონეზე იმსჯელეს.

 

„მედია პორტალის" გენერალური დირექტორის, ნათია აბრამიას თქმით გამოიკვეთა, რომ საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო კამპანიები არ იყო კარგად გააზრებული. პრეზიდენტობის კანდიდატები ვიდეორგოლებში ისეთ დაპირებებს აკეთებდნენ, რომელთა შესრულებაც მხოლოდ კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაშია შესაძლებელი. 

 

„მედიამ ვერ მოახერხა რეაგირება მოეხდინა არაეფექტური პოლიტიკური კომუნიკაციის შემთხვევებზე. აეხსნა საზოგადოებისთვის, რას ნიშნავს პრეზიდენტობის კანდიდატების დაპირებები და რა დასკვნა შეიძლება გაკეთდეს თუ მათი სამსახურების მუშაობის ეფექტურობას ამ კამპანიით შევაფასებთ" - განაცხადა ნათია აბრამიამ.

 

მონიტორინგის პროექტის ხელმძღვანელმა, მანანა ვარდიაშვილმა დამსწრეებს აჩვენა ის სოციალური კლიპები, რომლებიც პოლიტიკური რეკლამის და ანტირეკლამის ელემენტებს შეიცავდა. პროექტის ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციებიც. "მედია პორტალი" მიიჩნევს, რომ აუცილებელია განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილება და ფარული პოლიტიკური რეკლამის განსაზღვრება მოხდეს. „მედია პორტალი" თვლის, რომ კანონმა უფრო მკვეთრად უნდა განსაზღვროს სოციალური რეკლამის დეფინიცია და მედია საშუალებებმა უნდა დაადგინონ ამ სტატუსის მინიჭების პროცედურა.

პოლიტიკური და ფარული რეკლამების მონიტორინგის პროექტი ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. საანგარიშო პერიოდი 2013 წლის 1 სექტემბერი-26 ოქტომბერს მოიცავდა. პროექტის ფარგლებში „მედია პორტალმა" პრაიმტაიმში (19:00-24:00) ხუთ სატელევიზიო არხზე („საზოგადოებრივი მაუწყებელი", „იმედი", „რუსთავი-2", „მაესტრო" და „კავკასია") გასული პოლიტიკური და ფარული რეკლამების რაოდენობრივი და თვისებრივი მედიამონიტორინგი განახორციელა.

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ‘მედია პორტალის' სრულ ანგარიშს, ასევე პროექტის ფარგლებში დაწერილ სტატიებსა და ბლოგებს.

დაგვიკავშირდით

გსურს გაიგო მეტი? შეავსე ფორმა და ჩვენ უმოკლეს დროში გიპასუხებთ.
სახელი *
ტელეფონი *