ბლოგი #3 - თუ მოგზაურობა გსურს, ბევრ დროს ნუ დახარჯავ ჩემოდნის ჩალაგებაზე, უბრალოდ ადექი და წადი!

ავტორი: თომა სუხაშვილი

ნებისმიერს რომ ჰკითხო,  უყვარს თუ არა მოგზაურობა, ძალიან ცოტა თუ გეტყვის არაო. და თუ ჰკითხავ სად იმოგზაურებდა, გიპასუხებს: ნიუ-იორკი, ლონდონი, პარიზი, ბერლინი... ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. მე კი ყველაფერს ჩემი ანტარქტიდა მირჩევნია.  ანტარქტიდა ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც არ არსებობს სახელმწიფოები, საზღვრები, ბერლინის კედლები, რომელთაც ასე ეტრფიან თანამედროვე კავკასიაში. კავკასია, რომელიც მთების და კლდეების მხარეა,  გადაულახავი კედლების სამშობლოდ იქცა. აქ ხალხი თავად აშენებს კედლებს და შემდეგ,  ამ კედლების გადალახვაზე ოცნებობს.

პაპაჩემს მაგალითად, არსად უმოგზაურია, მაგრამ ისე გამოდის, რომ მან თავის სიცოცხლის განმავლობაში სამ ქვეყანაში იცხოვრა - დაიბადა საბჭოთა კავშირში, ცხოვრების ნაწილი  დამოუკიდებელ საქართველოში გაატარა, ნაწილი კი,  არაღიარებულ სამხრეთ ოსეთში, თანაც ისე, რომ საცხოვრებელი ადგილი არასოდეს შეუცვლია. ეს მისი საცხოვრებელი ადგილი იცვლიდა გამუდმებით სტატუსს - ხან საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა, ხან დამოუკიდებელ საქართველოს, ხან კი, სამხრეთ ოსეთს.

მე კი, საზღვარგარეთ პირველად, და ჯერ ჯერობით უკანასკნელად, ორი წლის წინ ვიყავი ჩეხეთის რესპუბლიკაში. დიდი წვალება არ დამჭირვებია და არც საბუთების დასტა  მიმიტანია  საელჩოში, რადგან ჩეხური ორგანიზაციის მოწვევა გვქონდა, ადვილად გავიარეთ ყველა პროცედურა. პროექტს სამშვიდობო ფორმატი ჰქონდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდები საქართველოდან და ცხინვალის რეგიონიდან.

ერთი კვირის მანძილზე გვიტარდებოდა სემინარები, დავდიოდი ლუდის ფესტივალზე და ებრაულ სასაფლაოზე, ვკარგავდი საფულეს, ვსვამდი ბეჰეროვკას და ვმღეროდი სერბეთზე სიმღერას, რომლის ტექსტი არ ვიცოდი. პრაღაში შეგიძლია ნახო წამების და სექსის მუზეუმები, ფაუსტის და დოქტორ კაფკას სახლები, და თუ ძალიან გსურთ, მკვდარი კაფკაც შეგიძლიათ მოინახულოთ ებრაულ სასაფლაოზე. ვფიქრობ, მისთვის ეს საუკეთესო მდგომარეობაა. დასრულდა.  დისპეჩერის ხმა -  „პატივცემულო მგზავრებო თვითმფრინავი ეშვება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში“ - წინა დღის ღრეობის შემდგომ გულძმარვას ჰგავდა.

სამწუხაროდ, ცოტაა ისეთი ქვეყანა, სადაც საქართველოს მოქალაქეს  უვიზოდ მოგზაურობა შეუძლია. ვინც საზღვარგარეთ ხშირად ვერ გავდივართ, ქვეყნის შიგნით დავდივართ ფეხით, სამარშუტო ტაქსით, მატარებლით, ავტოსტოპით და თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ ჯერ საკუთარი ქვეყანა უნდა ვნახოთ და მერე სხვები.

მე პირადად ყველაფერს ავტოსტოპი მირჩევნია. საქართველოში ავტოსტოპით გადაადგილება უსაფრთხო და პოპულარულია. ბოლოს ქალაქებს შორის როდის ვიმგზავრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, აღარც კი მახსოვს. უცხოელებიც და ქართველებიც ხშირად მივმართავთ ამ საშუალებას, რადგან მცირე ჯგუფისთვის ძალიან მოხერხებულია და რაღა დაგიმალოთ და,  ეკონომიურიც. თანაც ამ დროს შეიძლება  საინტერესო ადამიანებიც აღმოაჩინო. 

ოლდოს ჰაქსლი ამბობდა, ბევრი იმიტომ მოგზაურობს, რომ მისი მეზობლები მოგზაურობენო. ამაზე სულ ის ქართველი ახალდაქორწინებულები მახსენდება,  ეგვიპტისკენ მიმავალი თვითმფრინავის ბილეთების რიგში რომ დგანან ხოლმე, ან ის თანამოქალაქეები, რომლებიც ეიფელის, ლუვრისა თუ კოლიზეუმის წინ გადაღებულ ფოტოებს  აქტიურად აზიარებენ ხოლმე „ფეისბუქის“ კედელზე . ზოგჯერ მგონია, რომ ასეთი ადამიანები მხოლოდ იმიტომ დადიან სამოგზაუროდ, რომ მოგზაურობის ფოტოები სოციალურ ქსელებში გააზიარონ და ასე მოაწონონ თავი ვირტუალურ სივრცეში მეზობლებსა თუ ნაცნობ-მეგობრებს.

მე პირადად, მგონია, რომ მოგზაურობა საკუთარი თავის აღმოჩენის სურვილს უნდა შეიცავდეს. მთავარი სწორედ, საკუთარი თავის პარიზში, რომსა თუ ქაიროში აღმოჩენაა. რაღაც ტურისტული სააგენტოს რეკლამასავით კი გამომივიდა, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ თუ გინდა  მოგზაურობა, მხოლოდ ტურისტის სტატუსი არაფერში გამოგადგება.

ყველას არ შეუძლია ჩე გევარა ან რიჩარდ სლევინი იყოს იმისთვის, რომ მოგზაურობა დაიწყოს. თუ მოგზაურობა გსურს ბევრ დროს ნუ დახარჯავ  ჩემოდნის ჩალაგებაზე. უბრალოდ  ადექი და წადი!

დაგვიკავშირდით

გსურს გაიგო მეტი? შეავსე ფორმა და ჩვენ უმოკლეს დროში გიპასუხებთ.
სახელი *
ტელეფონი *