მოგზაურობა აფხაზეთში

ავტორი: მარია სმოლარეკი

მე მარია ვარ, 26 წლის. დავიბადე პოლონეთის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ ვროცვავში და ცხოვრების დიდი ნაწილიც სწორედ იქ გავატარე. თუმცა უკვე ექვსი თვეა თბილისში ვცხოვრობ. აქ EVS-ს (ევროპის მოხალისეობრივი პროგრამა) ფარგლებში ჩამოვედი და ქართველ ახალგაზრდებს ინგლისურ ენას ვასწავლი.

EVS - ის პროგრამა ახალგაზრდებისთვის საუკეთესო საშუალებაა, რომ მიიღო გარკვეული პროფესიული გამოცდილება და ასევე, იმოგზაურო შენთვის უცხო და საინტერესო ქვეყნებში. მე ჩემი თავგადასავლებისთვის საქართველო ავირჩიე, რადგან მქონდა გარკვეული ინფორმაცია საქართველოს კულტურის და ტრადიციების შესახებ. მაშინ ჩემთვის საქართველო უცხო და შორეული ქვეყანა იყო და სწორედ ამიტომ ვიფიქრე, რომ აქ ცხოვრება, კულტურის, ტრადიციების, ცხოვრების წესის გაცნობა ჩემთვის საინტერესო იქნებოდა.

მას შემდეგ რაც საქართველოში ვარ, შანსს არ ვუშვებ ხელიდან, რომ მოვინახულო არა მხოლოდ საქართველოს სხვადასხვა მხარე, არამედ მოსაზღვრე ქვეყნებიც. საქართველოს ზოგიერთ ისეთ კუთხეშიც კი ვყოფილვარ, სადაც ბევრი ქართველიც კი არ არის ნამყოფი და ეს ძალიან მეამაყება.

და, აი, ერთ დღესაც მე და ჩემს ესპანელ მეგობარს გაგვიჩნდა იდეა, რომ აფხაზეთში გადავსულიყავით. აფხაზეთის შესახებ ბევრი ქართველი მეგობრისგან მქონდა ინფორმაცია, ისინი ამბობდნენ,  რომ 15-20 წლის წინ აფხაზეთი ერთ-ერთი ულამაზესი მხარე იყო, ისინი მიყვებოდნენ ლამაზი სანაპიროების, განსაკუთრებული ბუნების შესახებ. თუმცა მათი უმეტესობა არც არასოდეს ყოფილა აფხაზეთში, რადგან ეს ის თაობაა, რომელიც 90-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ დაიბადა და აფხაზეთში ჩასვლის შესაძლებლობა  არ ჰქონია. იმდენი კარგი რამ მოვისმინეთ, რომ გადავწყვიტეთ, მხოლოდ მონაყოლს არ დავჯერებოდით და საკუთარი თვალით გვენახა ყველაფერი.

ჩემი ქართველი მეგობრებისთვის იდეა გიჟურად ჩანდა: „რატომ?“ „იქ ხომ სახიფათოა“, „დარწმუნებული ხარ, რომ საქართველოში მობრუნებას შეძლებ?“ „იქ აღარაფერია სანახავი, ყველაფერი დამწვარია“! თუმცა, რაც უფრო მეტად ცდილობდნენ დავერწმუნებინე, რომ აფხაზეთში წასვლა სიგიჟე იყო, მით უფრო მეტად მინდებოდა ჩანაფიქრის განხორციელება.

მოკლედ, აფხაზეთში მოგზაურობა სექტემბრის დასაწყისისთვის დავგეგმე. საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის ვიზის მიღება ძალიან მარტივია. ჩვენ უბრალოდ შევსებული აპლიკაციის და ჩვენი ფოტოსურათის გაგზავნა მოგვიწია აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.  საბუთების გაგზავნიდან 4 სამუშაო დღეში ჩემი იმეილის „ინბოქსში“ ახალი შეტყობინება მოვიდა. იმეილი გულისფანცქალით ჩავიკითხე და როგორც იქნა ამოვისუნთქე: სამინისტრომ ვიზა მომცა. 

გამგზავრებამდე ინტერნეტში კიდევ ერთხელ მოვიძიე ინფორმაცია აფხაზეთის შესახებ. როცა ინტერნეტსივრცეში აფხაზეთის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოძიება გსურს, ერთ-ერთი პირველი რასაც ამოგიგდებს, აფხაზეთის კონფლიქტია.

ჩვენი მოგზაურობა დიდუბის ავტოსადგურიდან დაიწყო. 6 საათიანი მგზავრობის შემდეგ ზუგდიდის სადგურზე მივედით, იქიდან კი - მდინარე ენგურამდე, დე-ფაქტო საზღვრამდე ტაქსით წავედით.

ტაქსი დე-ფაქტო საზღვრიდან ოდნავ მოშორებით ჩერდება, ჩვენ ჩამოვდივართ და ზურგჩანთამოკიდებულებს ასე 10 წუთის გავლა ფეხით გვიხდება. საზღვარზე აფხაზი და რუსი ჯარისკაცები დგანან.  მაგრამ სანამ ამ საზღვრამდე მიხვალ, კონტროლს ქართველ პოლიციელებთან გადიხარ.  მათ ჩვენი პასპორტები შეამოწმეს.

საპასპორტო კონტროლმა ასე 15 წუთი წაიღო. უკვე ოთხი საათია, საზღვარი 6-ზე იკეტება, სოხუმში მიმავალი ბოლო ავტობუსი კი 5 -ზე გადის. ასე რომ ყველაფერი ოპერატიულად უნდა გავაკეთოთ და ავტობუსს უნდა მივუსწროთ. ენგურზე უამრავი ხალხი ირევა.  მოხუცი ქალები ხელით მიათრევენ დიდ ფუთებს, ახალგაზრდა მამაკაცს კი, ზურგზე ფქვილის თუ შაქრის ტომარა აქვს შემოდებული და დე-ფაქტო საზღვრისკენ წელში მოხრილი მიემართება.

საზღვრის გადაკვეთამდე სამ საფეხურს გადიხარ, პირველ საფეხურზე ჯარისკაცებს სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წერილსა და პასპორტს აჩვენებ. საზღვრამდე გრძელ რიგში 30 წუთი ვიდექით. მეორე საფეხურზეც ზუსტად იმავე საბუთებს აჩვენებ, ოღონდ ახლა  არა - ჯარისკაცებს, არამედ ჯიხურში ძალიან მუქი შუშის მიღმა მჯდომ ადამიანს. ცოტა, უცნაური გრძნობა გეუფლება. შუშა იმდენად მუქია, რომ ვერც სახეს და ვერც ვერაფერს ხედავ იმ ადამიანისას, ვისაც საბუთებს უწვდი. მხოლოდ სილუეტი ჩანს. მესამე ეტაპზე კი, წესით, ბარგს ამოწმებენ. თუმცა ჩვენთვის ბარგი არავის შეუმომწმებია. როგორც იქვე მყოფმა მოქალაქეებმა მითხრეს, საზღვარზე მხოლოდ ბიჭების ჩანთებს ამოწმებენ ხოლმე, გოგონებს კი შემოწმების გარეშე უშვებენ.

როგორც იქნა საზღვარი გადავკვეთეთ, მაგრამ ამ საფეხურების გავლამ იმდენი დრო წაიღო, რომ სოხუმისკენ მიმავალმა ბოლო ავტობუსმა გაგვასწრო.  უცებ წამიერმა პანიკამ შემიპყრო, გარშემო არანაირი დასახლება არ ჩანს. პანიკა მხოლოდ წამიერი აღმოჩნდა და რამდენიმე წამში გამოსავლის პოვნა დავიწყე. ვიპოვეთ ტაქსის მძღოლი, რომელიც დაგვპირდა, რომ გალში 300 რუბლად ჩაგვიყვანდა და ღამის გასათევსაც გვიშოვიდა 150 რუბლად.

ვზივარ ტაქსიში და ხედებს ვათვალიერებ.  ათ წუთში უკვე გალში ვართ. დამწვარი სახლებისა და ფაბრიკების ნარჩენები მოჩანს გზის განაპირზე, დამწვარი სახლების შიგნით კი ბუჩქები და ხეები  ამოსულა. გალი მიტოვებულ ქალაქს გავს.

ღამე ერთ სახლში გავათიეთ. ჯერ კიდევ არ ბნელოდა და დაძინებამდე, ქალაქში გასეირნება გადავწყვიტეთ. პირველივე მაღაზიაში შევედით და საოცრება იყო, ასეთი რამ პირველად დამემართა, ყველა ჩვენ გვიყურებდა! ქუჩაშიც დიდ ყურადღებას ვიქცევდით, ხალხი ჭიშკართან მოდიოდა, და საგულდაგულოდ გვათვალიერებდა. ეტყობა, აქ ტურისტები ძალიან იშვიათად ჩადიან. მოკლედ, ცოტა დისკომფორტი შემიქმნა ამ გადაჭარბებულმა ყურადღებამ.

ყველაზე დიდი გაკვირვება ფასებმა გამოიწვია. ერთი თვალის შევლებითაც კარგად ჩანს,  რომ  აქ ცხოვრების დონე საკმაოდ დაბალია, თუმცა პროდუქტზე  ფასები პოლონეთზე გაცილებით მაღალია.

უკვე სახლში მიბრუნებას ვაპირებდით, როცა საცხობიდან შუა ხნის მამაკაცი გამოვიდა და არაყზე, პურსა და ბანანზე მიგვიპატიჟა. აქ ხალხი უცხოელების მიმართ ძალიან კეთილგანწობილია. დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ვისაუბრეთ. მე ვკითხე მას, რა ხდება რეგიონში, როგორია ურთიერთობები აქ მყოფ აფხაზებსა და რუსებს შორის, მაგრამ მან თქვა, რომ არ სურდა ამაზე საუბარი. აქ ხალხი მსგავს თემაზე საუბარს, როგორც წესი, თავს არიდებს ხოლმე.

მეორე დღეს დილის ცხრაზე სოხუმისკენ ავტობუსით გავემართეთ. გალიდან სოხუმამდე გზა დაახლოებით 2 საათს გრძელდება და 150 რუბლი ღირს. ისევ ხედებს ვათვალიერებ. ამ გზამ შესაძლებლობა მოგვცა გვენახა გალის ნამდვილი სახე: თითქმის, ყველა სახლის ფანჯარაზე, წინა მხრიდან პატარა შავ-თეთრი ფოტოებია დამაგრებული. ფოტოებზე ძირითადად ახალგარდა ბიჭები არიან გამოსახულები. მძღოლი ჩემს გაკვირვებას ამჩნევს და მიხსნის, რომ ეს ტრადიციაა - ოჯახი გარდაცვლილი ადამიანის ფოტოს ასე დებს ხოლმე ფანჯრის შუშასთან. როგორც ვხვდები, ამ ფოტოებზე გამოსახული ახალგაზრდების უმეტესობა 90-იანი წლების ომის დროს დაიღუპა.

რაც უფრო ვუახლოვდებოდით სოხუმს, მით უფრო იცვლებოდა ხედები ავტობუსის ფანჯრიდან. სოხუმი გაცილებით უფრო თანამედროვე და ცოცხალი ჩანს, ვიდრე - გალი. თეთრი სახლები, პალმები, ყვავილები გზებზე - სოხუმში ჩასვლისთანავე ეს სურათი გვხვდება. რა თქმა უნდა, ეს არ არის სუპერთანამედროვე ევროპული ქალაქი,მაგრამ 20 წლის წინანდელი ომის ნარჩენები აქ ასე ხილვადი არაა.  სოხუმში ჩვენმა მანსპინძელმა გვითხრა, რომ გვიან საღამოს გარეთ გასვლისგან, ჯობდა თავი შეგვეკავებინა, მაგრამ ისედაც სად გახვიდოდი, აქ არც ბარებია, არც - პაბები და არც - დისკოთეკა.

ქვიანი სანაპიროს გაყოლებაზე თურქული ტკბილეულის მაღაზიებია ჩამწკრივებული. აქვეეა სუვენირების მაღაზიებიც: აფხაზური დროშის გამოსახულებიანი მაგნიტები, მაისურები რუსული მულტფილმის გმირის „ჩებურაშკას“ ნახატებით, ან უბრალოდ წარწერებით „აფხაზეთი“, „აფხაზეთი - მომავლის ქვეყანა“.

შემდეგ დღეს კი, გაგრისკენ გავემართეთ, ეს აფხაზეთის მეორე მთავარი ქალაქია. ერთი შეხედვით,  ეს ჩვეულებრივი ტიპური ზღვისპირა ქალაქია, არაფერი განსაკუთრებული. თუმცა მაშინ როცა ზღვის სანაპიროს მოპირდაპირე მხარეს მთაზე ადიხარ და იქიდან გადმოყურებ ქალაქს, სუნთქვა გეკვრის ისეთი ხედი იშლება შენ წინაშე - პალმებით გადამწვანებული სანაპირო, ლურჯი ცა და კრიალა ზღვა.  გარდა გაგრისა, ახალი ათონიც მოვინახულეთ, ბუნებამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

ჩემი მოგზაურობა დასასრულს უახლოვდებოდა. პარასკევს დილით ჩვენმა მასპინძელმა საზღვრამდე მიგვიყვანა. საზღვარზე დილის 9 საათისთვის მივედით , თუმცა იქ გადმომსვლელთა იმხელა რიგი იყო, რომ დაახლოებით საათ-ნახევარი მოგვიწია ლოდინი. როცა საზღვარს აქეთ კვეთ, არავინ გამოწმებს, აქ აღარ მოქმედებს სამსაფეხურიანი კონტროლის სისტემა, უბრალოდ მიდიხარ.

მინდოდა ჩემი აფხაზური „ვიზა“ წამომეღო, მაგრამ საზღვარზე წამართვეს და მკაცრად მითხრეს, რომ ეს სუვენირი კი არ არის სახლში რომ წაიღოო. არადა ჩემმა მეგობარმა, რომელიც აფხაზეთში ჩემამდე ორი კვირით ადრე იყო, ეს ვიზა უპრობლემოდ წამოიღო.

ერთი სიტყვით, აფხაზეთში სტუმრობა ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. ყველას ვურჩევ იქ წასვლას, ვისაც კავკასიის უკეთ გაცნობა სურს.

ასე რომ, საჭირო ინფორმაცია, მათთვის ვინც აფხაზეთში წასვლას გეგმავს:
ქართული ტელეფონის ნომრები აფხაზეთში არ მუშაობს, ასე რომ შეეგუეთ იმ აზრს, რომ აფხაზეთში ყოფნისას საქართველოში მყოფ ახლობლებს ვერ დაუკავშირდებით. გარდა ამისა, აფხაზეთში რუსული რუბლი მოქმედებს და იქ ქართულ ლარებს ვერსად გადაცვლით, შესაბამისად, ფული წასვლამდე უნდა გადაცვალოთ. ცოტა რუსულის ცოდნა აქ ძალიან გამოგადგებათ, რადგან ამ ენის გარდა, აქ ადგილობრივებთან კომუნიკაცია პრაქტიკულად წარმოუდგენელია. იმედი ნუ გექნებათ - ინგლისური არავინ იცის. ასე რომ ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!

(ბლოგპოსტი თარგმნილია ინგლისური ენიდან)

დაგვიკავშირდით

გსურს გაიგო მეტი? შეავსე ფორმა და ჩვენ უმოკლეს დროში გიპასუხებთ.
სახელი *
ტელეფონი *