ბლოგი #7 - სოხუმის "ბრეხალოვკა" ქართველი და აფხაზი ბლოგერების თვალით

ნანა ლობჟანიძე, თბილისიდან - 3 ბურთულა პიტნის ნაყინი, გეთაყვა
 
3 წლის ილიუშამ დედა თეატრში გაუშვა და ჩემთან დარჩა. თეატრიდან მობრუნების შემდეგ კი, დაპირებისამებრ, ყველა ერთად „ლუკა პოლარეში“ ნაყინის საჭმელად  წავედით. ნაწვიმარი იყო, თუმცა მაინც თბილი საღამო იდგა და ნაყინის მოყვარულთა უმრავლესობა გარეთ მიირთმევდა სხვადასხვა ფერის გემრიელ ბურთულებს. 
 
ჩვენ ნუშის და კარამელის ნაყინი, მოცხარის ჩიზქეიქი და ცხელი შოკოლადი შევუკვეთეთ. მერე მოხერხებულად  მოვკალათდით ერთ-ერთ მაგიდასთან ნახევრად ცარიელ კაფეში. ილიუშა ხარბად მიირთმევდა თავის ულუფა ნაყინს და ცალი თვალი ლევანიკოს ნაყინისკენ გაურბოდა. მე და მაკა ათას ამბავს ვუზიარებდით ერთმანეთს და ცხელ შოკოლადს ვწრუპავდით. უცებ ლევანიკო მეკითხება: 
 
- ნააან, თქვენს ბავშვობაში ფერადი ნაყინები იყო? 
 
ჩვენს ბავშვობაში? ნაყინი? ფერადი? 
 
ჩვენს ბავშვობაში ნაყინთან ერთად ზღვაც იყო, კიდევ პალმები და გრძელი ბულვარი  აკაციის და მაგნოლიის დამათრობელი სურნელით. 
  
რამდენი რამე გამახსენა ლევანიკოს შეკითხვამ...  
 
ლევანიკოს და ილიუშას დედა - მაკა - ჩემი უმცროსი დაა. ჩვენ სოხუმში, ზღვის სანაპიროზე, ენგელსის ქუჩაზე ვცხოვრობდით. როცა მშობლები სამსახურში იყვნენ, ჩვენ კი, სკოლიდან ახალმობრუნებულებს, ნაყინი მოგვინდებოდა, ჯიბეებიდან  ხურდებს ამოვქექავდით, მოვაგროვებდით მანეთს და სახლის ‘ჩუსტებში’, შინაურულად წავფლატუნდებოდით ხოლმე სასტუმრო „აფხაზეთში“. 
 
ქათქათაკედლებიანი, მომრგვალებული ფორმის სასტუმრო  აივნებით ძირითადად, უცხოელ სტუმრებს მასპინძლობდა. 
 
სასტუმროს პირველ სართულზე ღია ვერანდა იყო, ეგზოტიკური მცენარეებით  მორთული აივნის რიკულებით, წითელი რბილი სკამებით, ვერცხლისფერი რკინის  მაგიდებით და მსოფლიოში უგემრიელესი ნაყინით. წეროებივით  მაღალ, ვერცხლისფერ ფეხზე შემომდგარი ნაყინის ჭიქები ბარის მაგიდაზე იწონებდნენ თავს.
 
გამყიდველს შეკვეთას რომ მისცემდი, ხელის სწრაფი მოძრაობით ახდიდა ხოლმე თავს რკინის ჯამს,  წყალში დაასველებდა მომრგვალებულ კოვზს და ერთ ულუფა ნაყინს ამოჭრიდა. შემდეგ გახეხილ თხილს, შოკოლადს და რაღაც მურაბას მოასხმდა. 
 
მე დარწმუნებული ვარ, ოლიმპოს მთაზე ღმერთები დესერტად ასეთ ნაყინს მიირთმევდნენ! 
 
როგორც პრომეთემ მოპარა ზევსს ცეცხლი და ხალხს ჩამოუტანა, ალბათ ისე მოიპარა სასტუმრო „აფხაზეთმა“  ამ ნაყინის რეცეპტი და სოხუმელებს ჩამოგვიტანა. 
 
კაფეში ძალიან მოდურად ჩაცმული, გაპრანჭული კაცები და კიდევ უფრო გაპრანჭული ქალები დადიოდნენ ხოლმე, აბოლებდნენ სიგარეტს და საუბრობდნენ. 
 
მე და მაკა ყოველთვის ერთ ჭიქა ნაყინს ვუკვეთავდით, და ორივე ამ ერთი ჭიქიდან ვჭამდით ოლიმპოს ღმერთების დესერტს. 
 
ასე უფრო მოგვწონდა. 
 
რამდენიმე წელიწადში სასტუმრო „აფხაზეთის“ ნაყინს კონკურენტი გამოუჩნდა. ზღვისპირა ღია კაფე „პინგვინში“ ქვეყნიერების მერვე საოცრება, ფერადი ნაყინი გამოჩნდა. 
 
ამ დროს ჩვენ უკვე ჩანბას ქუჩაზე ვცხოვრობდით ბებოს და ბაბუს დიდ სახლში. სახლი „პინგვინიდან“ საკმაოდ მოშორებით იყო და  ამიტომ დამოუკიდებლად კაფეში წასვლას ვეღარ ვახერხებდით. მახსოვს, როგორ ვითვლიდით წამებს მე და ჩემი და მამაჩემის სამსახურიდან დაბრუნებამდე, მახსოვს როგორ ვცქმუტავდით სანამ ის ვახშმობდა და სულაც არ გვაინტერესებდა დაღლილი იყო თუ არა. ვახშმის შემდეგ კი, ჩავავლებდით ხელს და „პინგვინში“ მივდიოდით ნაყინის საჭმელად. ფერად ბურთულებს ხრაშუნა ჭიქებში ათავსებდნენ. განსაკუთრებულად პიტნის ნაყინი მიყვარდა. ჩემს რიგს მოთმინებით ველოდი და ნეტარებისგან უკვე მაშინ ვდნებოდი, გამყიდველს შეკვეთას რომ ვაძლევდი -  „3 ბურთულა პიტნის ნაყინი, გეთაყვა“. მამაჩემი ცივ ყავას უკვეთავდა, სოხუმში „გლიასეს“ სახელწოდებით ცნობილს. 
 
იქვე ბულვარში ვსხდებოდით, „პინგვინის“ ნაყინით ვიყოყლოზინებდით ყელს და თან თევზის დაჭერისას თოლიების მიერ ჩადენილ „გმირობებს“ ვადევნებდით თვალს. ამასობაში მოსაღამოვდებოდა. ჩვენ აუჩქარებლად გავუყვებოდით სოხუმის ბულვარს. 
მამას ორივე მხრიდან ამოვუდგებოდით, ათას ბავშვურ სისულელეს ვუყვებოდით, ერთმანეთს ლაპარაკს არ ვაცდიდით... ხვალაც ხომ შევჭამთ ნაყინს-თქო,  ვითანხმებდით. 
 
ასე რომ, ჩემო ლევანიკო, ფერადი ნაყინი სოხუმში იყო, კიდევ ზღვა იყო, თოლიები და  პალმებიც იყო... 
 
იყო და არა იყო რა...
 
დღეს ხშირად ვფიქრობ ხოლმე, ნეტა ახლა როგორია სოხუმის ბულვარი,  რა ხდება „ბრეხალოვკაზე“, ან ჩემს საყვარელ კაფე „პინგვინში“. 
 



ბლოგერი სოხუმიდან - ქალაქი, სადაც ყველა ქუჩას ზღვასთან მიყავხარ 
 
სად უნდა გაატარო დასვენების დღეები? 
 
სოხუმელებს ამ კითხვაზე ერთი პასუხი აქვს: რა თქმა უნდა, ‘ბრეხალოვკაზე’ მეგობრებთან ერთად. 
 
დანარჩენებივით მეც თითქმის ყოველ შაბათ-კვირას სოხუმის ბულვარზე ვატარებ. 
 
სახლიდან გამოსვლისთანავე ერთ პატარა ქუჩას მივუყვები ხოლმე, მალევე ვუხვევ და სამი კვარტლის შემდეგ, უკვე მუჰაჯირების სახელობის სანაპიროზე ვარ.  (სანაპირომ სახელი იმ აფხაზების საპატივსაცემოდ მიიღო, რომლებიც მე-19 საუკუნეში გადაასახლეს). სოხუმში ადვილია ერთი ადგილიდან მეორეში მიხვიდე, არასდროს იკარგები, აქ ხომ ყველა ქუჩას ზღვასთან მიყავხარ. 
 
ზღვის სანაპიროზე სეირნობა განსაკუთრებით სასიამოვნო მზიან ამინდშია. შაბათ-კვირაობით ბულვარი გამოცოცხლებულია, უამრავი ხალხი ირევა. ვის აღარ ნახავ აქ - შეყვარებულ წყვილებს, ველოსიპედებით თუ ‘როლიკებით’ მოისეირნე თინეიჯერებს, ხანშიშესულ მოხუცებს, რომლებიც ზღვისპირზე მზეს ეფიცხებიან და ერთმანეთს ეკამათებიან. 
 
შეუძლებელია ისე ჩაიარო, რომ ნაცნობებს არ შეხვდე. 
 
15 წუთის შემდეგ, მთელ მსოფლიოში ყველაზე საოცარ ადგილზე ვხვდებუ - ესაა აკოპის ყავახანა - აქ რომ  ‘ბრეხალოვკას’ ვეძახით. 
 
‘ბრეხალოვკა’ ძალიან ძველი ადგილია, რომელმაც აბსოლუტურად დამსახურებულად მიიღო საკულტო სტატუსი. 
 
აქ 70-იან წლებში პირველად აკოპ ბალიანმა გახსნა ყავახანა. დღეს აკოპი უკვე ცოცხალი აღარაა, თუმცა მის ყავახანას ამჯერად ალექსეი სარქისიანი ამუშავებს - დაუღალავი, სიტყვაძუნწი, მაგრამ მუდმივად მომღიმარი 60 წლის კაცი, რომელიც დღეში დაახლოებით 80-100 კლიენტს ემსახურება. 
 
ერთი ჭიქა სურნელოვანი ყავა დაახლოებით 15 რუბლი ღირს. 
 
აქ სულ ხმაურია, ყველას უყვარს აქ მოსვლა, ადგილობრივი და საერთაშორისო ახალი ა
მბების განხილვა. ჰო, სწორედ აქ იყრის თავს მთელი ქვეყნის ჭორ-მართალი. კლიენტები საათობით სხედან კაფეში, თამაშობენ ჭადრაკს და დომინოს და დროდადრო, ყველასთვის ცნობილ, უგემრიელეს სოხუმურ ყავას წრუპავენ. 
 
აზარტული თამაშებით  დაკავებულებს გვერდს ვუვლი, თანაც შეუმჩნევლად ნაბიჯს ვანელებ. მინდა, მათ საუბარს მოვუსმინო. ერთმანეთს ენამოსწრებულად ეხუმრებიან, ეკამათებიან და თავგამოდებით იცავენ თავიანთ მოსაზრებებს. მალევე, ნაცნობ სილუეტებს ვლანდავ - ჩემი მეგობრები მყუდროდ მოწყობილან  ერთ-ერთ სკამზე ღია ცის ქვეშ.
 
ჩემმა მეგობრებმა, როგორც ჭეშმარიტმა სოხუმელებმა, ‘ბრეხალოვკის’ ყოველი კუთხე-კუნჭული იციან. ახლაც, მიუხედავად, პიკის საათისა, საუკეთესო ადგილი უპოვიათ. მეც მეტს აღარ ვაყოვნებ და ერთ ჭიქა განუმეორებელ ყავასა და ცივ მინერალურ წყალ ‘აუადხარას’ ვყიდულობ და მათ ვუერთდები. ცხელი და მაგარი ყავის პირველივე ყლუპი სოხუმის მზის ქვეშ - ეს ისეთი ნეტარებაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ. უკვე ნირვანაში გადავდივარ, მთელი სხეულით ვდუნდები, მაგრამ ჩემი მეგობრების სიცილი და ხუმრობები შიგადაშიგ მაინც მაფხიზლებს და რეალობაში მაბრუნებს. 
 
„ბრეხალოვკას“ განსაკუთრებული პეწი აქვს და მჯერა, რომ გაივლის წლები, მაგრამ აქ, აი ამ, მსოფლიოში პოლიტიკურად ყველაზე აქტიურ კაფეში, ყოველდღიურად ისევ შეიკრიბებიან რიგითი სოხუმელები და სოხუმის სტუმრები... დალევენ საოცრად არომატულ სოხუმურ ყავას, ისევ იკამათებენ მსოფლიოში მიმდინარე ამბების შესახებ, ან უბრალოდ მეგობრებთან ერთად დასხდებიან, მოეშვებიან, დაისვენებენ დამქანცველი ყოველდღიურობისგან და ხარბად შეისუნთქავენ ზღვის ჰაერს. 
 
ეს ადგილი გეხმარება აივსო ახალი ენერგიით. როცა აქაურობას უყურებ, ხვდები, რომ უნდა დატკბე ყოველი ახალი დღით, იცხოვრო „აქ და ახლა“,  აივსო ახალი სასიცოცხლო ენერგიით და შემდეგ, ისევ განაგრძო გზა. მომავალ შაბათ-კვირამდე.... 

დაგვიკავშირდით

გსურს გაიგო მეტი? შეავსე ფორმა და ჩვენ უმოკლეს დროში გიპასუხებთ.
სახელი *
ტელეფონი *